LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება

40

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის (რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალი) 14 კმ–იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისთვის სატენდერო წინადადებების მიღება დაასრულა. სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.

როგორც “ფორტუნას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სატენდერო წინადადება 13-მა კომპანიამ წარმოადგინა, რომლებიც წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოდგენილი 40 კომპანიიდან შეირჩნენ.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა, მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და ევროპის საინვესტიცო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

პროექტის ფარგლებში აშენდება: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანიგზა, რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. ამ გზით ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო.