ღამის 02:28 საათიდან იწყება მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც გასტანს მთელი დღის განმავლობაში, ღამის 24:00 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
თანაც, დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე გეომაგნიტური ენერგიები დამატებით პრობლემებს უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. წნევის უეცარმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, გავიზომოთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.
დღის რეკომენდაციები:
დღეს ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. თუმცა, შრომისუნარიანობა საგრძნობლად მოიმატებს, ამიტომ აქტიურად უნდა იმოქმედოთ და იმუშაოთ, ოღონდ უკვე არსებული პროექტების ფარგლებში. გაითვალისწინეთ, რომ ხასიათში იჩენს თავს გადამეტებული ამბიცია, აგრესიულობა და კამათისადმი მიდრეკილება. ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული სხვების მიმართ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს და თავი აარიდეთ უსიამოვნო შეხვედრებს. დღევანდელ სიზმრებს კი ნურავითარ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ.
მკაცრად მოერიდეთ საფინანსო გარიგებებს, ხელშეკრულებების დადებას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ნიშნობასა და ქორწინებას. არავითარ შემთხვევაში არ გააკრიტიკოთ ხელმძღვანელები, რადგან ამას სამსახურებრივად საკმაოდ ცუდი შედეგები მოჰყვება.
სამაგიეროდ, დღე მეტად სასიკეთოა იურიდიული საქმეებისთვის, ახალი სამსახურის დასაწყებად თუ ახალი თანამდებობის დასაკავებლად. პერიოდი ხელს უწყობს გავლენიან პირებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მეგობრობას, მშენებლობის დაწყებასა და საბავშვო ზეიმების მოწყობას. საუკეთესო დროა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ძვირფასეულობისა და ლატარიის ბილეთების შესაძენად. კარგი იქნება კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში ჩართვაც.
პარტნიორული ურთიერთობები:
პირად სფეროში დღეს საგრძნობლად მოიმატებს სტაბილურობა, სიმშვიდე და ურთიერთგაგება.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის კუთხით საგრძნობლად სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. მაქსიმალურად მოერიდეთ ზედმეტ ნერვიულობას, გადაღლას, სიმძიმეების აწევას, საუნასა და სოლარიუმს, გაუფრთხილდით გულს.
სამაგიეროდ, მეტად ეფექტური და შედეგიანია თვალების, ვენებისა და ნერვული სისტემის მკურნალობა.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი. ფერებიდან სასურველია წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი და ნარინჯისფერი ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე სხვადასხვა კომბინაციაში, თქვენი გემოვნებით).
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე მეტად პოზიტიური ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბულია ეს პერიოდი კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.