პროკურატურამ სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 29 ივლისს, სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს.
„პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების პირველ ეტაპზე ბრალდება დ.რ.-ს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), ხოლო ი.ბ.-ს დაუსწრებლად სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებული დ.რ. პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, რაც შეეხება ი.ბ.-ს, მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.