LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთამსვლელობა პირველ რიგში, ფსიქოლოგიაზე და შემართებაზე დგას, შეიძლება ძლიერი იყო, მაგრამ ვერ გაბედო – თითქოს ხმალს ლესავ და ბრძოლაში წასასვლელად ემზადები“ – როგორ დაიწყო მთამსვლელობა და ვინ იყო უმაღლესი ჯილდოს მფლობელი არჩილ ბადრიაშვილი

1456
არჩილ ბადრიაშვილი

მესტიაში, მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად, ცნობილი მთამსვლელი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა. ახალი თაობის გამორჩეული, წარმატებული და აღიარებული ალპინისტის დაღუპვას მისი ქართველი გულშემატკივრის გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა მთამსვლელთა გაერთიანებები იზიარებენ და საქართველოს მის დაკარგვას უსამძიმრებენ.

„არჩილი არა მხოლოდ შესანიშნავი მთამსვლელი, არამედ ექიმი, განმანათლებელი, პატრიოტი, იუმორისტი და ბრწყინვალე სულის მქონე იყო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ვუსამძიმრეთ არჩილის ოჯახს და მის უამრავ მეგობარს“, – წერს ამერიკული ალპინიზმის ჟურნალი.

უნდა აღინიშნოს, რომ სპორტის ამ სახეობაში არჩილ ბადრიაშვილი გამორჩეული, უამრავი ჯილდოსა და პრიზის მფლობელია, მან არაერთი მწვერვალი დაიპყრო.

2019 წლის ივლისში არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პაკისტანში, 8126 მეტრი სიმაღლის მსოფლიოს მე-9 მწვერვალზე – ნანგა პარბატზე ავიდნენ.

ზუსტად, 66 წლის შემდეგ, რაც სიკვდილის მთა ადამიანს დანებდა, მის წვერზე პირველად საქართველოს ეროვნული დროშა აფრიალდა.

თავად ბადრიაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამ მიღწევაზე ამბობდა, რომ ნანგა პარბატის დაპყრობა, ქართველების მეოთხე მცდელობის შედეგად, წარმატებით შედგა, როდესაც გიორგი ტეფნაძესთან ერთად, ლეგენდარული მთის მწვერვალზე ქართული დროშა ააფრიალეს და მის თავზე უჟანგბადოდ მოექცნენ.

„მე უფრო ის მეამაყება, რომ ამ მთაზე ქართველები ვართ ნამყოფი და არა ის, რომ კონკრეტულად მე და გიორგი.“

ქართული ალპინიზმის ნოვატორებმა, ნანგა პარბატზე წარმატებული ასვლის შემდეგ, მთის მწვერვალზე საკუთარი ხელით აშენებული, მინიატიურული კოშკიც დატოვეს.

„როდესაც მთაში დადიხარ, მქონია შეგრძნება, წრიაფი რომ გაცვდება და ლესავ, თითქოს ხმალს ლესავ და ბრძოლაში წასასვლელად ემზადები. ამბობენ, მთასვლელობა პირველ რიგში, ფსიქოლოგიაზე და შემართებაზე დგას, შეიძლება ძლიერი იყო, მაგრამ ვერ გაბედო, შინაგანად მზად არ იყო და არაფერიც არ გამოგივიდეს“, – ამბობს არჩილ ბადრიაშვილი „პირველ არხთან“ ინტერვიუში და მის განვლილ გზაზე საუბრობს.

იხსენებს, რომ პირველი მთამსვლელი მის ოჯახში პაპიდა იყო, რომელიც მთის სიყვარულით გამოირჩეოდა და ლაშქრობით იყო დაინტერესებული, 70 წლის ასაკში კი მისი აღჭურვილობა დედას და ბიძას გადაულოცა.

„მამაჩემი და ნათლიაჩემიც დადიოდნენ და უცნაური იქნებოდა მთაში სიარულს რომ არ გავყოლოდი. ვიდრე გაცნობიერებულ ცხოვრებას დავიწყებდი, ჩემი მთაში სიარული იქამდე დაიწყო, პირველად მწვერვალზე მამაჩემმა წამიყვანა, 15 წლის ვიყავი მყინვარწვერზე რომ წავედით.

დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, როდესაც მყინვარწვერზე, ამ ლეგენდარულ მთაზე, 5 ათას მეტრზე გადმოვიხედე. იმდენი თავგადასავალი გვაქვს ერთად განვლილი და ეს თავგადასავალი, ყოველთვის თავის ხიბლს ატარებს.

ჩემთვის მთაში სიარული უფრო პირდაპირ გადაწყვეტილებებს, სტიქიასთან, გაჭირვებასთან პირისპირ დადგომასა და პრობლემის სწრაფად მოგვარებას უკავშირდება“, – ამბობს არჩილი ინტერვიუში და უმატებს, რომ მთაზე ასვლის პროცესის სირთულეების მიუხედავად, მწვერვალზე ასვლა, დიდ სიხარულს – მომენტით ტკბობას უკავშირდება:

„უკან იმ გარემოს მოჰყავხარ, რასაც ოჯახი და მეგობრები ჰქვია. არა მარტო ეს, კიდევ გინდა, რომ სხვაგანაც წახვიდე და ცდილობ, რომ მშვიდობიანად დაეშვა. რახან აქ ცხოვრობ, ბარემ ცხოვრება წინ არის და კიდევ რაღაცები რომ მოასწრო. თავგადასავლის სიყვარულს მიჰყავხარ და მოჰყავხარ“.

გარდა იმისა, რომ არჩილი გამორჩეული ალპინისტი იყო, მას ამ სპორტის უმაღლესი ჯილდოც აქვს მოგებული. ბადრიაშვილმა 2022 წელს ალპინიზმის უმაღლესი ჯილდო, „ოქროს ძალაყინი“ ორ ქართველთან, გიორგი ტეფნაძესა და ბაქარ გელაშვილთან ერთად პაკისტანის იქამდე დაუპყრობელ მწვერვალ სარაგარზე (ზღვის დონიდან 7223 მეტრი) ასვლის გამო მიიღო.

არჩილი ამ პრესტიჟულ პრიზზე კიდევ სამჯერ იყო წარდგენილი. გასულ თვეში ბადრიაშვილმა კიდევ ერთი აუსვლელი მწვერვალი – ინდოეთში მდებარე ნანდა შორი დაიპყრო. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არჩილი განსაკუთრებულ ყურადღებას კავკასიონის მთებს უთმობდა. „ახალი გზა უშბაზე“ – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც 2020 წელს გამოვიდა და ქართველი მთასვლელების ისტორიას მოგვითხრობს. ამ ფილმში არჩილ ბადრიაშვილი და მისი კოლეგა გიორგი ტეფნაძე დეტალურად მოგვითხრობენ, თუ როგორ დალაშქრეს ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონი.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სპორტსმენი – არჩილ ბადრიაშვილი მესტიაში, მწვერვალ შხელდაზე მეხის დაცემის შემდეგ გარდაიცვალა. მისი სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს. არჩილ ბადრიაშვილთან ერთად მყოფი სამი მთასვლელი კი მესტიის მუნიციპალიტეტში უვნებლად გადაიყვანეს.

„მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო! შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა ჩვენი მეგობარი… ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა! ეპოქის დასასრული!“ – მეგობრები ტრაგიკულად გარდაცვლილ არჩილ ბადრიაშვილს ემშვიდობებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g