საჩხერე–რაჭის გზის პროექტირება დაწყებულია. ამის შესახებ „ფორტუნას“ რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გზის მშენებლობა 2017 წელს, საჩხერიდან დაიწყება, მისი დასრულება კი 2020 წელს მოხდება. გზა რამდენიმე ლოტად დაიყოფა (დაახლოებით, 15–15 კმ–იან ლოტებად) და მშენებლობაც ნაწილ–ნაწილ განხორციელდება.
„როგორც კი ერთი ლოტის პროექტირება დასრულდება, გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება მშენებლობა, პარალელურად მოხდება სხვა ლოტების პროექტირება და კონკურსების გამოცხადება“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
ახალი გზა რაჭამდე მისასვლელ გზას დაახლოებით, 2,5 საათით შეამცირებს.
„ეს გზა ტურისტების რაოდენობას გაზრდის არა მხოლოდ რაჭაში, არამედ მესტიაში“, – აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ „ფორტუნასთან“.
მისი თქმით, ტურისტებს და მოგზაურებს საშუალება ექნებათ მესტიაში არა ზუგდიდის, არამედ რაჭის გავლით მოხვდნენ, რაც მათ დროს დაზოგავს.
შეგახსენებთ, რომ ზემო იმერეთი-რაჭის მიმართულებით 2 ზოლიანი 55 კილომეტრიანი გზის მშენებლობის დაწყება იგეგმება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საჩხერე-შქმერი-ონის გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა განეხორციელებინა, 2014 წლის იანვარში დააანონსა. თუმცა პროექტი ამ დრომდე არ დაწყებულა. სამინისტროს განმარტებით, მშენებლობა დიდ კაპიტალურ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული.
როგორც ცნობილია, გზის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ზემო რაჭაში ჩასვლა ორსაათნახევარში იქნება შესაძლებელი.
თამთა უთურგაშვილი