LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელ მონაკვეთთან ბრძოლა იწყება: ქუთაისი–სამტრედიის გზა ოთხზოლიანი გახდება

21

ქუთაისი–სამტრედიის შემოვლითი გზა ოთხ ზოლიანი გახდება – ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო მიიღო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა, მისი თქმით, გზაზე ორი ზოლის დამატება, რისკს გარკვეულწილად შეამცირებს.

თუ რატომ არ აშენდა E60 გზის მონაკვეთი თავიდანვე ოთხ ზოლიან გზად, ამას არსებული სატრანსპორტო ნაკადი განაპირობებს, რაც არც ისე დიდია. სეთურიძის თქმით, გზა ამ ეტაპზე არსებულ სატრანსპორტო ნაკადს სრულად აკმაყოფილებს და ამაზე 2–3–ჯერ მეტის გადტარებაც შეუძლია.

„იმის მიუხედავად, რომ ავარიები გზაზე, ძირითადად, სიჩქარის გადაჭარბების გამო ხდება, მაინც გადაწყდა, რომ ამ მხრივაც გავზარდოთ უსაფრთხოების დონე. ამიტომ დაგვევალა ჩვენ, რომ შევისყიდოთ საპროექტო მომსახურება, დავადგინოთ რა დაჯდება მომსახურება და მოვიძიოთ თანხები“, – განაცხადა სეთურიძემ.

ქუთაისი–სამტრედიის  შემოვლითი გზის პროექტი, 2009 წელს შემუშავდა და მასში დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის პერსპექტივაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ ცვლილებისთვის მასშტაბური სამუშაოების გატარება საჭირო არ იქნება.

„ყველა ხელოვნური ნაგებობა, ხიდები და კვანძები აშენებულია იმ პერსპექტივით, რომ უპრობლემოდ დაემატოს ორი ზოლი, ასევე  მიწაც გამოსყიდულია და შესაბამისად, ამ პროექტის განხოციელებას დიდი დრო არ დასჭირდება“, – განაცხადა სეთურიძემ.

 

თამთა უთურგაშვილი

ნახეთ ჩვენი სტატია: “ეს არის მკვლელი გზა!” – რატომ ხდება ძალიან ბევრი ავარია ქუთაისის ავტობანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები