LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედუარდ კოკოითი: „საქართველომ უნდა ცნოს სამხრეთი ოსეთი და დაუბრუნოს ტერიტორიები“

207
ბიძინა ივანიშვილი და ედუარდ კოკოითი

„საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს მშვიდობისა და საბრძოლო მოქმედების განუახლებლობის შესახებ ყველა საჭირო შეთანხმებას“, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და პარტიის დამფუძნებლის, ოსებისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით გაკეთებულ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

ამის შესახებ კოკოითმა Telegram არხზე დაწერა და იქვე მიუთითა, რომ ეს „თამამი განცხადებაა“, თუმცა ის ბიძინა ივანიშვილის განცხადების გულწრფელობაში დარწმუნებული არაა.

„ეს არის სცენარი, რომელიც არა თუ მთლიანად „ათეთრებს“ რუსეთის ქმედებებს, არამედ წარმოადგენს მათ ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად, რომლებმაც დაიცვეს ოსი ხალხი გენოციდისგან“ – გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე

გარდა ამისა, დე ფაქტო ცხინვალის ყოფილმა პრეზიდენტმა დაწერა, რომ „ივანიშვილის განცხადების არსში ახალი არაფერია, რადგან 2008 წლიდან აცხადებს, რომ სააკაშვილი და მისი ხელქვეითები საერთაშორისო დამნაშავეები არიან.“

კოკოითის თქმით, ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ:

ირაკლი ქადაგიშვილი: „ბოდიშის მოხდა არის შერიგების აუცილებელი პირობა, ამან ოპოზიცია შეძრა, მათ მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ უნდათ“

როგორც მანვე აღნიშნა, ოპოზიციას მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ სურს და მათი ინტერესი დესტაბილიზაციაა.

„ყველაფრის უტვინო სააკაშვილსა და აშშ-ზე დაბრალება ძალიან წარუმატებელი და ახლომხედველურია, პასუხისმგებლობა მთელ საქართველოს ეკისრება, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა დათმო და ამერიკისა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტად იქცა“, – წერს კოკოითი Telegram არხზე.

კოკოითი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველომ დააბრუნოს თრუსოსა და გუდოს ხეობები. ცხინვალი ადრეც აცხადებდა, რომ „საქართველოს ოკუპირებული აქვს ისტორიული ოსური მიწები“.

„სამხრეთ ოსეთისთვის 1920 წლიდან მიყენებული ეკონომიკური ზარალი, 10 მილიარდი დოლარი, რომელზეც საქართველოს პრემიერები მანამდე საუბრობდნენ, არასაკმარისია.

მაგრამ საქმე ამაში საერთოდ არაა. ვინ დაგვიბრუნებს ათობით ათას მოკლულ ძმასა და დას, ვინ დაუამებს დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს ნათესავებსა და ახლობლებს? ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ და არაფრით ვაპატიებთ“, – წერს ე.წ ყოფილი პრეზიდენტი.

ლევან ბეჟაშვილი: „მოვითხოვთ, ივანიშვილმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე – სიმბოლურია, რომ რუსეთმა ეს განცხადება ივანიშვილს სწორედ გორში გააკეთებინა“

კოკოითი ოსებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ, არ გახდნენ „ოსეთში ივანიშვილის მიერ მოსყიდული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მარიონეტები“.

იგი დარწმუნებულია, რომ „ოსეთში ქართული სპეცსამსახურების მიძინებული უჯრედები“ უახლოეს მომავალში გააქტიურდებიან.

კოკოითი ფიქრობს, რომ „საქართველოსთან მშვიდობა რუსეთის პირობებით უნდა დამყარდეს“, „ოსეთი და აფხაზეთი უნდა გახდნენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი ფორპოსტები, რუსეთის საიმედო საყრდენები“.

ცნობისთვის, 14 სექტემბერს გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g