საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ლიკა ალადაშვილმა ისაუბრა.
რას გულისხმობს აღნიშნული შეთანხმება?
შეთანხმების თანახმად, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
აქამდე თუ გვქონდა მსგავსი ტიპის შეთანხმებები?
მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ირლანდიასთან და საბერძნეთის რესპუბლიკასთან. საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში, ხოლო ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.
როგორც ცნობილია მომსახურების სააგენტო ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე გასცემს საერთაშორისო მართვის მოწმობას…
დიახ, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე, გაიცემა: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა ერთი წლის ვადით. ასევე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა 3 წლის ვადით.