რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში ერთმანეთს ქართველები დაუპირისპირდნენ: გიორგი ჭანტურიას “ურალმა” ეკატენინბურგში ჯიმი ტაბიძის “უფა” მიიღო. მასპინძლები მთელი თამაში აგებდნენ, მაგრამ 88-ე წუთზე გატანილი გოლით ქულა გადაარჩინეს – 1:1.
“ურალის” გოლში კი ჩვენებურების უდიდესი წვლილია: ჭანტურიამ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო იქ ყველა ბალაჟიჩმა დაასწრო, თუმცა გზად ბურთი ტაბიძეს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. მოკლედ, ჭანტურიამ საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ტაბიძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ – ავტოგოლი.
თუმცა სხვადასხვა გამოცემების ვერსიით გოლი ბალაჟიჩს ჩაეწერა, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ავტოგოლი ტაბიძის ანგარიშზე ჩაწერა.
ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო ჭანტურიამ 74-ე წუთიდან ითამაშა.
https://www.youtube.com/watch?v=ZdkhlzJq18A
უნგრეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა ბაჩანა არაბულმა. თანაც, მოქმედ ჩემპიონ “ჰონვედის” კარში. არაბულის “ბალმაზუივაროშმა” სტუმრად 2:2 დაასრულა მატჩი, ქართველმა ფორვარდმა კი 69-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და აღმოჩნა, რომ შეხვედრაში ბოლო გოლი გაიტანა.
ბაჩანამ 73 წუთი დაჰყო მინდორზე. გოლის მომენტს რაც შეეხება, 12-13 მეტრიდან დარტყმით მიითვალა.
უნგრეთშივე, “დიოშდიორმა” სტუმრად 3:0 მოუგო “ჰალადაშს”, თუმცა გამარჯვებულთა შორის განაცხადში არ ყოფილა ბუბა დაუშვილი.
ესტონეთში “ფლორამ” 1:0 სძლია “ნარვას” და 7-ქულიანი ჰანიკაპით ლიდერობს. ერთადერთი გოლი ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა 35-ე წუთზე. “ფლორას” ქართველმა ლიდერმა პენალტი ზუსტად შეასრულა. ეს ბეგლარიშვილის მეათე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.
რუმინეთში “გაზ მეთანმა” შინ 0:3 წააგო “ჩფრ კლუჟთან” და სამი ტურის შემდეგ, ბოლო ადგილზეა. ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა.
ბელარუსის ჩემპიონატში ბატე-მ 3:0 აჯობა “გომელს” და მეორე საფეხურზეა. ბატე-ს დაუბრუნდა ვაკო გვილია და შეუცვლელადაც ითამაშა. მეორე გოლისას ქართველმა გასწია ასისტენტობა.
სლოვაკეთში გიორგი ბერიძის “ტრენჩინმა” შინ 1:2 წააგო “დუნაისკა სტრედასთან”. ორი ტურის შემდეგ, “ტრენჩინს” სამი ქულა აქვს. ბერიძე სასტარტოში იყო და 62 წუთი ითამაშა.