კლივლენდში, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მუზეუმის ახალი წევრები პუბლიკის წინაშე თავიანთი შემოქმედების გამორჩეული ჰიტებით წარდგნენ. რამდენიმე მათგანის პერფორმანსს, სხვა არტისტებიც შეუერთდნენ.
კელი კლარკსონმა ბრიტანულ-ამერიკული როკ ბენდის – Foreigner თანადამფუძნებელ და ვოკალისტ, ლუ გრემთან ერთად, ჯგუფის 1984 წლის სიმღერა – I Want to Know What Love Is შეასრულა.
კიტ ურბანმა პიტერ ფრემპტონთან ერთად, ამ უკანასკნელის 1976 წლის კომპოზიცია – Do You Feel Like We Do იმღერა.
დუა ლიპა სცენაზე შერისთან ერთად გამოვიდა. ,,პოპის ქალღმერთის” 1998 წლის Believe მათი შესრულებით, საღამოს ერთ-ერთ გამორჩეულ მომენტად იქცა.
A Tribe Called Quest-მა 1990 წლის ტრეკი – Can I Kick It? ქუინ ლატიფასთან ერთად გააცოცხლა.
მერი ჯეი ბლაიჯმა 2001 წლის ჩანაწერით – Family Affair დამსწრე საზოგადოების აცეკვება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ახალი წევრები პერფორმერთა კატეგორიაში ისეთი მუსიკოსები და ჯგუფები გახდნენ, როგორებიც არიან: მერი ჯეი ბლაიჯი, შერი, პიტერ ფრემპტონი, ოზი ოსბორნი, როგორც სოლო არტისტი, Dave Matthews Band, Foreigner, Kool & the Gang და A Tribe Called Quest.