LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

118
შეთანხმება

მალაიზიის ქალაქ კუალა ლუმპურში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა მოაწერა ხელი, სეიშელის მხრიდან კი – ტრანსპორტის მინისტრმა ენტონი დერჟაკმა. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მალაიზიაში ირაკლი ასაშვილი დაესწრო.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და სეიშელს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

შეთანხმება ძალაში ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა.

შეგახსენებთ, შეთანხმებაზე მუშაობა საქართველოსა და სეიშელის რესპუბლიკას შორის 2014 წელს დაიწყო, შარშან კი, საუდის არაბეთში გამართული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო მოლაპარაკებების (ICAN 2023) ფარგლებში, მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამასთან, განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება.

magti 5g