29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დანიის კლუბ „კოპენჰაგენის“ 23 წლის ქართველმა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა უეფას საკონფერენციო ლიგის მატჩში „რეალ ბეტისთან“ შვილის ჯანმრთელობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ადასტურებს და აცხადებს, რომ გიორგი გოჩოლეიშვილის შვილი ავადაა და ამჟამად კლინიკაში იმყოფება.
კლუბი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელის შვილი მკურნალობის კურსს წამყვანი სპეციალისტების მეთვალყურეობით გადის. „კოპენჰაგენი“ ორიენტირებულია ამ მძიმე პერიოდში გიორგის და მის ოჯახს დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს.
„რა თქმა უნდა, ეს ასევე ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გიორგის, რომელიც შესაძლოა არ იყოს ვარჯიშზე ან თამაშების დროს. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს გიორგისთან და ვუსურვებთ მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს.
ახლა გოჩოლეიშვილების ოჯახს, დრო და სივრცე სჭირდება“. – ნათქვამია კლუბის მიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ქართველი ფეხბურთელის გამხნევებას, მისი თანაგუნდელები ცდილობდნენ.
მის მხარდასაჭერად, „კოპენჰაგენის“ ფანებმა ტრიბუნებზე სპეციალური ბანერი გამოფინეს, რომლითაც გიორგი გოჩოლეიშვილსა და მის ოჯახს თანადგომა გამოუცხადეს. „გამაგრდი, გიორგი, შენს ოჯახთან ერთად! – ეწერა პოსტერზე.
მიუხედავად ოჯახში არსებული მძიმე ვითარებისა, 23 წლის გოჩოლეიშვილმა საკუთარ თავში გამონახა ძალა და 4 ნოემბერს, „კოპენჰაგენისთვის“ თავდაუზოგავად იბრძოლა – „სილკებორგის“ წინააღმდეგ გამართული მატჩი 2:2 დასრულდა, რომელშიც გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.