თეატრისა და კინოს მსახიობი მაკა შალიკაშვილი „კვირის პალიტრის“ ერთ-ერთ ნომერში, ინტერვიუში გულახდილად საუბრობს იმ პრობლემაზე, რომელსაც, მისი თქმით, 20 წელზე მეტია უმკლავდება – როგორც მსახიობი აღნიშნავს, მას არ აქვს ბინა და ეს პრობლემა ხელს ძალიან უშლის:
„ის პრობლემა, რაც მე მაქვს და რის შესახებაც მინდა გესაუბროთ, საშინლად მიშლის ხელს: ბინა არ მაქვს. ამის გამო, რაც კი ცხოვრებაში შემიძენია, ყველაფერი ფასს კარგავს, როდესაც არ ვიცი ვინ როდის, რატომ და რისთვის გამომიშვებს სახლიდან… უბინაობა პრობლემათა იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელიც გაძლიერებს, ცოდნას და გამოცდილებას გაძლევს, პიროვნულად გზრდის… მე რა პრობლემაც მაქვს, ამის გამო, ჩემთვის ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან თუნდაც ბინის მეპატრონესთან ხელშეკრულების გაფორმებისას, მაინც დროებითი საცხოვრებელი გაქვს. მუდმივად გადასვლა-გადმოსვლა გიწევს… პირადად მე, ამ ტიპის სიახლეების მიღება მიჭირს…
ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, – ბინა რატომ არ გაქვსო? განა იმიტომ არ მაქვს, რომ გარკვეული პრობლემების გამო გავყიდე ან წამართვეს, ან – მამაჩემი დააკავეს და იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდა?.. მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ სახლი არ გვქონია ქალაქში, სადაც საბედნიეროდ თუ ჩემდა სამწუხაროდ, ის უნივერსიტეტი მდებარეობს, რომელში ჩაბარებაც მსურდა. თეატრალური უნივერსიტეტი სოფელ იგოეთში ან კასპში რომ ყოფილიყო, დამიჯერე, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა – სნობ ქალაქელებს არ შევაწუხებდი: თბილისში არ „ჩამოვეთრეოდი“ და მათ თვალში არ შევეჩხირებოდი, ვისაც ძალიან არ ვუყვარვარ და ამბობენ – სოფლელი სოფელშიო“, – ამბობს მსახიობი და ჟურნალისტის კითხვაზე – დღესაც გრძნობს თუ არა ასეთ დამოკიდებულებას – აღნიშნავს:
„კი, ბატონო. ადრეულ ასაკშიც ვგრძნობდი და დღესაც. ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი (თუ ქრისტეს მეგობარი იქნები), ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში“, – ამბობს მაკა შალიკაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ.