LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანჩო: „იყო პერიოდი, როცა ვიყავი უმუშევარიც და მშიერიც, ისევ და ისევ მეგობრების სიყვარულით გამქონდა თავი…“

530
პანჩო

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი, ლევან მგალობლიშვილი, იგივე პანჩო.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან…

ბავშვობიდან მინდოდა სიმღერა, ბუბა კიკაბიძეს ვბაძავდი ხოლმე, არ მქონდა სმენა, მაგრამ იმდენად მინდოდა სიმღერა და ამაზე ვოცნებობდი, რომ უცბად ბედმა მარგუნა გიტარა, 7-სიმიანი გიტარა ჩამივარდა ხელში და აკორდები თავად ვიპოვე, სმენით ავაწყვე. რომ იცოდეთ, რამდენი სიმღერა მაქვს დაკარგული, ასე ექსპრომტად ნამღერი. პროფესიით მეტალურგი ვარ, მაგრამ უდიპლომო.

პირველი წარმატება…

ეს იყო, როცა პირველი სიმღერა ჩავწერე, „უბერავს ქარი“, კოტე ფალავანდიშვილმა რადიოში წაიღო, ხშირად ატრიალებდნენ და ერთ თვეში პირველ ადგილზე გავიდა. მე ამას ვერ აღვიქვამდი, როგორც ჩემს კარიერას, ეს არის ჩემი ჰობი, თუმცა ამასთან შემოსავლის ერთადერთი წყარო. იყო პერიოდი, როცა ვიყავი უმუშევარი და მშიერიც, ისევ და ისევ მეგობრების სიყვარულით გამქონდა თავი. ამიტომაა, რომ ერთად უნდა ვიყოთ. სითბოს უნდა ვგრძნობდეთ.

როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე, როგორც ვიცი, თქვენ ამ ურთიერთობას მალავდით…

მე არაფერს ვმალავდი, ჩემი მეუღლე მალავდა სახლში ამ ურთიერთობას. სამი წლის შემდეგ დავქორწინდით, უკვე 14 წელია, ერთად ვართ. ეს დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მივმხდარიყავი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვისთანაც სიბერის გატარება მსურდა.

როგორც ვიცი, წლების წინ ძალიან ემოციური ისტორია გადაგხდათ

ჩემს შვილს მდუღარე წყალი გადაესხა და სერიოზული დამწვრობა მიიღო. რეანიმაციაში რომ შეიყვანეს, სანამ მე და ჩემი მეუღლე იქ ვიდექით, აგრეთვე დამწვრობა მიღებული ბავშვი გამოიყვანეს, მან მე მიცნო და მამამისს უთხრა, ჩემთვის ეთხოვა, რომ მისთვის სიმღერა, „ცაში ახედე“ მემღერა. იმავე დღეს წერილიც კი დამიწერა ამავე თხოვნით. მეც ავდექი, გიტარა მოვიტანე საავადმყოფოში და ყოველ დილით, 9 საათზე, ერთი თვის განმავლობაში ჩუმად ვუმღეროდი ხოლმე მას. მას შემდეგ გავიდა წლები, ზუგდიდში კონცერტი მქონდა და უეცრად მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, მას ნაცნობი თვალები ჰქონდა, თუმცა ვერ ვიხსენებდი, ვინ იყო. ის გადამეხვია და მითხრა, ვერ მიცანი? შენ ჩემი სიცოცხლე სიმღერით გადაარჩინეო.

სიმღერა, „დედა ვატირე“, რომელმაც დიდი გადატრიალება მოახდინა და ციხეშიც კი ჩაგსვა

ამ სიმღერის გამო არა, მაგრამ საქმე კი გავიფუჭე. წლები შავ სიაში ვიყავი, უბრალო ბარშიც კი არ მაკვრევინებდნენ. შემდეგ დავჯექი სახლში და დავიწყე კედლებზე ხატვა.

როგორც ვიცი ოჯახის ახალი, ოთხფეხა წევრი გყავს…

ბახტრიონზე ვსეირნობდი, ძაღლი დავინახე, ჩავიკუზე, თავლებში ჩავხედე… ის მე გამომყვა. ამის შემდეგ სულ დამყვებოდა ხოლმე, ერთად ვსეირნობდით. სახლში არ ამყავდა ხოლმე. შემდეგ ამ ძაღლის ისტორია გავარკვიე. საბოლოოდ, ის ჩვენთან არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები