„ცივა? მერე რა! გაწვიმდება? მერე რა! აცივდება? მერე რა! შეფერხებას შევუქმენით ერთმანეთს, თბილისის ქუჩები გადაიკეტება, გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელიც საბოლოოდ თრომბად გადაიქცევა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნება“, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.
ნიკა მელიას თქმით, „უმჯობესია, ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში“.
„ჩვენ გვჯერა, რომ დღევანდელი დღე, დღევანდელი არაორდინალური საპროტესტო შეკრება იქნება, ალბათ, ერთ-ერთ ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობის, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით. ჩვენ უნდა ვარყიოთ ის, სანამ არ ჩამოვანგრევთ და ქუჩა, გამზირი არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი ახლა ჩვენს ხელთ და ეს პროცესი აღარ შეჩერდება.
ეს პროცესი დასრულდება განმარჯვებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას როგორც წარსულის, ასევე, აწმყოს და მომავლის წინაშე…
გელოდებით მეგობრებო, ყველას ამ ლოკაციაზე. გულზე მჯიღის ცემის დრო წავიდა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა. ამ ნაბიჯების გადადგმის დღე დღეს იყო, მაგრამ ეს დღე პირველი დღეა და არა უკანასკნელი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.