რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველი 5.7 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის თქმით, დოკუმენტაციის მიღების საბოლოო ვადაა 27 ნოემბერი. მისივე განმარტებით, ტენდერი გამოცხადებულია საჩხერე-ქვემო ხევის მონაკვეთზე, რომლის სიგრძე 5.7 კილომეტრი და მასში შედის ასევე ერთი სახიდე გადასასვლელი. სეთურიძის განცხადებით, პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 710 918 ლარია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საბოლოო ჯამში, საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზა დაახლოებით, 5 სატენდერო მონაკვეთად დაიყოფა. მისივე თქმით, აღნიშნული გზის სიგრძე 50 კილომეტრი იქნება და თბილისიდან ონამდე მგზავრობას 2 საათით შეამცირებს. გიორგი სეთურიძის განცხადებით, აღნიშნული საავტომობილო გზის დასრულების თარიღი 2020 წლის ბოლოა, თუმცა ის იმედოვნებს, რომ ეფექტური მუშაობის შემთხვევაში მისი დასრულება 2020 წლის გაზაფხულზე მოხდება.
ცნობისთვის, 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სხვადასხვა გზის რებილიტაციებსა და ახალის მშენებლობაში საერთო ჯამში დაახლოებით, 200 მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების დახარჯვა იგეგმება, ხოლო რაც შეეხება დონორების თანხებს, დაახლოებით, 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება.