LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ვიდეო ზუსტად ამ აზრს ემსახურებოდა: რომ ყველა უნდა დავდგეთ ერთ მხარეს და ეს მხარე არის საქართველო“ – რას ამბობს პეტრე კოლხი ქალიშვილის ვიდეოზე, რომელსაც 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს

773
პეტრე კოლხი

„ფაქტი ის არის, როგორ იცვლება მოვლენები, შეხედულებები და ზუსტად, ეს ვიდეო ამ აზრს ემსახურებოდა: რომ ყველა უნდა დავდგეთ ერთ მხარეს და ეს მხარე არის საქართველო“, – ამ შეფასებით გამოეხმაურა სასულიერო პირი, მამა პეტრე კოლხი, შვილის მარიამ კვარაცხელიას ვიდეოს ირგვლივ შექმნილ საზოგადოებრივ აზრს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ახალგაზრდა გოგო, სპეცრაზმელთან ახლოს მიდის და მასთან ერთად კამერის წინ ღიმილიანი სახით პოზირებს.

აღმოჩნდა, რომ ამ შინაარსის ვიდეომ საზოგადოების ნაწილში პროტესტის განცდა გააჩინა, რადგან ნაწილმა მიიჩნია, რომ გოგომ ამ ფორმით სპეცრაზმელების „რომანტიზება“ მოახდინა.

„სპეცრაზმის „გარომანტიზება“ ჩემი ინტერესი არ ყოფილა – ამ პერიოდში ვიდეოს დადება სისულელე იყო, ბოდიშს ვიხდი… „ქოცების“ პროპაგანდა კარგად ვიცი – არავინ გაბედოს და დამიწეროს, რომ ლიბერალური ფაშიზმის მსხვერპლი ვარ, „დამაბულინგეს“ და ამიტომ ჩავწერე ვიდეო“ – მარიამ კვარაცხელია

მას შემდეგ, რაც სოციალური პლატფორმები, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციების დროს გადაღებულმა ვიდეომ მოიცვა, სადაც ახალგაზრდა გოგო, სპეცრაზმელს უღიმის და კომუნიკაციაში შედის, ვიდეოს ავტორმა, მორიგი მიმართვა გაავრცელა,

ამ ფაქტს თავად ვიდეოს ავტორი და მამა პეტრეს შვილი, მარიამ კვარაცხელია ახალი ვიდეო-მიმართვის გამოეხმაურა.

რაც შეეხება სასულიერო პირის მოსაზრებას, შვილის ვიდეოზე, რომელსაც სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვა აქვს, პეტრე კოლხი „პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მარიამმა ამ ფორმით, ერთგვარად პროტესტიც გამოხატა და აჩვენა, რომ „ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ“:

„წუხელ მარიამის გვერდზე რომ შევედი, უკვე 10 მილიონამდე. ისეთი დონის ვარსკვლავებმა წაიღეს ეს ვიდეო, მსოფლიო დონის ბლოგერებმა.

ჩვენ, სულ 3 მილიონი ქართველი ვართ და შეუძლებელია, 10 მილიონი მოწონება ქართველების მხრიდან ჰქონდეს. ბრძოლის ველზე პირველი დგას, როგორც კი ზონდერები გამოლაგდებიან, მიდის და ჯერ საუბარს უწყებს.

თუკი, ჩემი შვილის თვალების სილამაზემ ის ზონდერი გაალღო და დაათბო, იქნებ ეს მეთოდი გამოვიყენოთ, ულამაზესი გოგონების მეტი რა გვყავს?!

მარიამი აქციაზე ყოველდღიურად გამოდიოდა, თავის მეგობრებთან ერთად. პრაქტიკულად, დილამდე რუსთაველზე ვდგავართ და ეს მისი გადაწყვეტილება, იდეა იყო. როგორც კი რუსთაველზე ძალის გამოყენება მიდიოდა და ხელისუფლება თავის ზონდერებს გამოიყვანდა, მარიამი მიდიოდა და პირდაპირ ცხვირწინ დაუდგებოდა, რომ ამით გარკვეულწილად, თავისი პროტესტი გამოეხატა მათ მიმართ და თან ესაუბრებოდა:

„ნუ ურტყამთ ახალგაზრდებს, ნუ იყენებთ ძალას ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, თქვენც“ და აი, ეს ვიდეორგოლიც, ვფიქრობ, იმისთვის ჩაწერა, რომ ზოგადად, დამოკიდებულება გამოეხატა ადამიანების მიმართ და ის ადამიანებიც თავის მხარეს გადმოეყვანა.

ვფიქრობ, ეს ხრიკი გარკვეულწილად გამოუვიდა კიდეც. თქვენ ხედავთ ვიდეოში ჩანს, როგორ უყურებს ის პოლიციელი დაფარული სახიდან, პრაქტიკულად მხოლოდ თვალები უჩანს, ეს არის ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი წარმავალია და ყველა ერთ მხარეს, სამშობლოს სადარაჯოზე უნდა ვიდგეთ.

ვიღაცამ, რომ 10 წლის წინ ჩაქოლა, იმას ხომ არ ახსოვს მარიამის ყოველდღიურობა და დარწმუნებული ვარ, არც თვალ-ყურს არ ადევნებს. სხვათა შორის, ერთმა მონაზონმა:„მართლაც როგორც იცვლებაო ყველაფერი ქვეყანაში“, – სოციალურ ქსელში მწერს, რა ხდება მეთქი? – „ამას ვინ იფიქრებდაო, რომ ეს კაცი შენი შვილის ფოტოს და ვიდეოს კედელზე დადებდა და დააწერდა: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო“, ეს არის რადიკალი, მმკ-ს ერთ-ერთი დამაარსებელი, ფალავანდიშვილი, რომელმაც თავის დროზე, მარიამი ქვებით ჩაქოლა, დღეს ასე ურცხვად ჩემი შვილის ვიდეოს აზიარებს და კედელზე ასეთ წინადადებას აწერს.

ნეტა თუ იცის, რომ შენი შვილიაო [მონაზონმა მკითხა]? ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მან იცის თუ არა, მაგრამ ფაქტი ის არის, როგორ იცვლება მოვლენები, შეხედულებები და ზუსტად, ეს ვიდეო ამ აზრს ემსახურებოდა: რომ ყველა უნდა დავდგეთ ერთ მხარეს და ეს მხარე არის საქართველო.“ – უთხრა მედიას მამა პეტრე კოლხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g