LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ბეწვის ხიდზე: შანტაჟის იარაღი, გადატვირთვის იმედი თუ წარსულში დაბრუნება – რა ხდება საქართველოს თავს

169
1200x675_cmsv2_5a1350b9-f47b-542

თბილისი და საქართველოს სხვა ქალაქები კვლავ საპროტესტო ტალღამ მოიცვა. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და რუსთაველის გამზირის მუხტი სხვა ქალაქებსაც გადაედო.
მიზეზი – ევროპისკენ სვლის შეჩერება.

28 ნოემბერს გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განაცხადა, რომ საქართველო წყვეტდა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას…

პრემიერის ასეთი განცხადების მიზეზი გახდა ევროპული კრიტიკა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით (რომელსაც ორივე დაპირისპირებული მხარე ერთგვარ რეფერენდუმს უწოდებდა). ამ არჩევნებმა, ოფიციოზის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ახალი მანდატი მოუტანა, ხოლო პროტესტის გამომხატველები (და ცხადია ოპოზიცია) ამტკიცებენ, რომ ის სამართლიანი არ ყოფილა.
არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ ქუჩის მოთხოვნაა – ხელახალი არჩევნები!

ქუჩაში გამოსული ხალხის, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანების ერთადერთი გულისტკივილი არაევროპული მიმართულება და რუსეთისკენ დაბრუნებაა. მათი გულისწყრომა და მოთხოვნებიც აქედან გამომდინარეობს.

„ფორტუნა“ აქციის მონაწილეებს გაესაუბრა:

აქციები კი მშვიდობიანად არ სრულდება. მართალია, ფატალური შედეგი არ დამდგარა, მაგრამ უამრავი დაშავებულია, ზოგიერთს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა, არიან ნაცემი ადამიანები. არიან ისეთებიც, რომლებიც საკმაოდ მოშორებით იმყოფებოდნენ ეპიცენტრის ადგილიდან, მაგრამ მაინც მისწვდათ ძალოვანების ხელი თუ ხელკეტი.

ძალის გამოყენებას და დარბევებს მომდევნო დღეებში პროტესტანტების რიცხვი ემატებოდა. თავის მხრივ, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები კანონით დადგენილ ჩარჩოებს გასცდნენ და სამართალდამცველებმა კანონით მინიჭებული ღონისძიებები გაატარეს და რომ ევროპული სტანდარტებით მოქმედებდნენ. გარდა ამისა, ასევე აღინიშნა, რომ დაშავებულია ათეულობით სამართალდამცავი.

ნიღბები ჩამოცვენილია

მაგრამ რა პროცესებს ვადევნებთ თვალს? რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ასეთი ფეთქებადსაშიში განცხადების გაკეთება მაშინ, როდესაც ჯერ „გაყალბებული“ არჩვენების საპროტესტო მუხტი არ იყო ბოლომდე ჩამცხრალი.

მსგავსმა პოზიციამ მაშინვე „გამოაცოცხლა“ ანტისამთავრობო ძალებიც და ამომრჩეველიც და მათი ძირითადი არგუმენტია – ახლა მაინც ხომ ყველაფერი ცხადი გახდა! ამ მოსაზრებას ამყარებს დაახლოებით იდენტური მოსაზრებები ევროპიდან.
და წამოვიდა ევროპიდან ერთმანეთის მიყოლებით ანტიქოცური განცხადებები, მიმართვები და შეფასებები, რასაც წინ უძღოდა არჩევნების გამოძიების მოთხოვნაც.
ასეთ დროს ევროპული მიმართულების მომხრე ხალხი კიდევ უფრო შფოთავს, რომ ევროპამ ზურგი არ გვაქციოს და პროტესტს მუხტი ემატება.

ამერიკის კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
“საქართველოს დე-ფაქტო მთავრობამ დემოკრატიაზე ყოველგვარი პრეტენზია უკუაგდო და ახლა უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება საკუთარ სახლებსა და სამსახურებში დაიწყო. არ შეცდეთ, “ქართული ოცნება” კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს”, – აცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი.

„ნიღბები უკვე ჩამოცვენილია, ყველასთვის, საერთაშორისო დონეზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე”, – ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძეს ესაუბრა და ახლო მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ალენ ბერსეტმა ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიების მნიშვნელობას.
გენერალურმა მდივანმა გამოხატა ევროსაბჭოს შეშფოთება მზარდი პოლარიზაციისა და პოლიტიკური ჩიხის გამო.

ხელისუფლებამ კი ლამის მეორე დღესვე ოდნავ „უკან დაიხია“, როდესაც იმავე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი წინა დღის ნალაპარაკები არასწორად გაიგეს. მათ შორის ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც ახსენა.

საქმე შანტაჟის ნაცვლად!

მთავრობა ევროპაზე ნაწყენია: „შევინარჩუნეთ მშვიდობა, გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მაინც შანტაჟი, მაინც არმოლოცვა“ – წუხს ირაკლი კობახიძე.

მეტიც, მთავრობა ამბობს, რომ არანაირი ანტიევროპული კურსი არ არსებობს, პირიქით მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება და კიდევ უფრო მუხლჩაუხრელად იბრძოლებენ მიზნის მისაღწევად.

ირაკლი კობახიძე:

„დადონ დღესვე მოლაპარაკებები მაგიდაზე, აქვე ვაწერთ ხელს. ვფიქრობ, მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები, ვიბრძოლებთ, ვაჩვენებთ ღირსებას და ბევრად უფრო ჩქარა ვივლით წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით.

ვპირდებით ყველას, არ დავიშურებთ ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გასაწევრიანებლად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, განსაკუთრებით, იმ 1,120,000 ამომრჩევლის წინაშე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენ კურსს და ჩვენ სლოგანს – მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ.

ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, საქმე შანტაჟის ნაცვლად – ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში.

კიდევ ერთხელ ვაძლევთ პირობას ქართულ საზოგადოებას, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მყარი ნდობა გამოგვიცხადა, რომ საქართველოში მშვიდობას და სტაბილურობას ვერავინ შეარყევს და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველო ჯიუტად განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

მინდა შევახსენო ევროკავშირს – დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს. საქმე შანტაჟის ნაცვლად!“

შემდეგ კი პრემიერი კვლავ გამოვიდა ბრიფინგზე და ოფიციალურად ახარა, რომ რევოლუცია საქართველოში ვერ მოხდება და ე.წ. ნაცმაიდანი არ შედგა:

„ფორტუნას“ ესაუბრა პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე:

„საერთაშორისო საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ აქამდე ბევრ რამეს უთმენდა, რადგან აცხადებდნენ, რომ მთავარი პრიორიტეტი იყო ევროინტეგრაცია, მაგრამ ეტყობოდა, რომ ხელისუფლება თავიდანვე თამაშობდა რუსულ თამაშს.

კობახიძეს ახლა დროის მოგება უნდა. მანამდე რატომ იყო მუქარა და არ იყო მზად დიალოგისთვის? ხომ ამბობდნენ არჩევნებამდე, რომ ოპოზიციური წარმომადგენლები უნდა გასამართლდნენო. შეაშინეს მოსახლეობაც, ვინც ოპოზიციას ხმას მისცემდა. რანაირად იყო დისკუსიისთვის მზაობა? დღეს კი დისკუსია აღელვებთ, რადგან ფაქტია საპროტესტო აქციებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქი მოიცვა.

ჩვენ ხელს მოვაწერთო რომ ამბობენ, ანუ ევროკავშირს აბრალებენ. ეს იგივეა რუსეთი რომ აბრალებდა საქართველოს თქვენ გაწყვიტეთ ურთიერთობა, ჩვენ კი არაო. რაღაც ანალოგიურია. თავდასხმა ხომ თავდაცვის საშუალებაა“.

რა შემთხვევაში მოხდება გადატვირთვა

მაშ რაშია საქმე? თუ ორივე მხარე (ევროპა და საქართველოს ხელისუფლება) ერთი და იმავეს ამბობს, რატომ გახდა ურთიერთობა ასეთი რადიკალური და სად არის პრობლემა?

რევოლუციის მცდელობა თუ გულწრფელი ხალხის გულწრფელი პროტესტი?
ალბათ სწორედ აქ უნდა ვეძებოთ განხეთქილების ვაშლი.

საქართველოს ხელისუფლება არაპირდაპირ, მაგრამ მიუთითებს, რომ ვითარება აირია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და მინიშნებას აკეთებს, რომ ამის შემდეგ მათ მოსთხოვეს ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა. უარის გამო ურთიერთობები გაცივდა. ამას მოჰყვა რამდენიმე არამეგობრული განცხადება საქართველოს სამთავრობო წრეებიდან, გარკვეული საყვედურიც კი ევროპის მისამართით და მონასტერიც აირია.

ირაკლი კობახიძეს არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ურთიერთობები გადაიტვირთება და ვითარება ისევ დალაგდება. რამდენად შესაძლებელია ეს იმის ფონზე, თუ მანამდე კიდევ უფრო დაშორდნენ მხარეები?

„ფორტუნამ“ შეფასება სთხოვა პოლიტიკურ მიმომხილველ ბუკა პეტრიაშვილს:

„გადატვირთვა ევროპულ კავშირთან და საერთოდ დემოკრატიულ სამყაროსთან და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილის ხელისუფლება უკან წაიღებს იმ კანონებს, შეწყვეტს დემოკრატიის ძირის გამოთხრას და ადამიანის უფლებების დარღვევას. ჯერჯერობით ამის ნიშან-წყალიც კი არ ჩანს. გადატვირთვა როგორც ივანიშვილს წარმოუდგენია, ისე ვერ მოხდება, რადგან სრულიად განსხვავებული მიდგომები აქვთ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებშიც ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
„ქართულმა ოცნებამ“ გადატვირთვა ჩაანაცვლა სიტყვით დალაგება. გადატვირთა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი აიღებს პასუხისმგებლობას ვადამდელ არჩევნებზე, გააუქმებს კანონებს და გაათავისუფლებს აქციებზე დაკავებულ პირებს“.

გამოსავალი ანუ რა მოხდება?

ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ს იმედი აქვს. უფრო სწორედ, მისი ახალი ადმინისტრაციის. და კიდევ უფრო ზუსტად – მისი შეცვლილი პოზიციის. დონალდ ტრამპის ოფიციალურად გაპრეზიდენტების შემდეგ „ქართული ოცნება“ აპირებს და იმედი აქვს, რომ მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა და თუ ეს მართლა მოხდება, მაშინ სერიოზულ კოზირს დაიჭერს. ერთ-ერთ ბრიფინგზე ოპოზიციური ტელეარხის ჟურნალისტმა კითხა, ასე რომ არ მოხდესო, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ეს თქვენი ოცნებაა და არ ასრულდებაო.

არადა, დაპირისპირებული მხარეების რიტორიკები რომ გვერდზე გადავდოთ, მართლა საინტერესოა, აქვს კი ხელისუფლებას რაიმე გეგმა B. მართლაც რომ ვერ აეწყოს მათ სასარგებლოდ ურთიერთობა აშშ-ს მთავრობასთან, ან დისტანცია დაიჭიროს და დიდად არ ჩაერიოს, ან მეტი დიპლომატია გამოიჩინოს და ევროპულ პარტნიორებს არ შეეწინაღმდეგოს საქართველოსთან მიმართებით? მერე რა იქნება? სრული იზოლაცია ამ ხელისუფლების?!
ასეთ დროს ხომ დიდი ალბათობით არც ევროპა აღიარებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობას და…

ასევე საინტერესოა პირიქით რომ მოხდეს: დავუშვათ მიიღეს აშშ-სგან ის, რისი იმედიც აქვთ. მერე უკვე რა პოზიციას დაიკავებს ევროპა? განაახლებს თუ არა თანამშრომლობას, მით უმეტეს, რომ ბოლომდე კარს არ უხურავენ საქართველოს და ეს, არც მეტი არც ნაკლები, თავად ურსულა ფონ დერ ლაიენმაც განაცხადა.

ბუკა პეტრიაშვილი:
„როდესაც დონალდ ტრამპი 20 იანვარს შეუდგება თავის საქმიანობას, რა თქმა უნდა, რითაც დაკავდება, ერთ-ერთი იქნება უკრაინის საკითხი. უკრაინის კონტექსტში საქართველოს განხილვა სწორი და გონიერია, მაგრამ არა ისე მარტივი და პრიმიტიული აღქმით, როგორც ამის წარმოაჩენას ცდილობენ „ქართული ოცნების“ თავები, რომ ტრამპი დაასრულებს ომს და მერე ყველაფერი დაგვილაგდება. ტრამპისთვის არ არის მთავარი საქართველო, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაში შესაძლოა საჯილდაო ქვა გახდეს და ტრამპისთვის უფრო ადვილი იყოს საკუთარი ძალების დემონსტრირება, როგორც დემოკრატიის დამცველის.
აშშ-ის როლი მნიშვნელოვანი იქნება და შესაძლოა ვიხილოთ აშშ-სა და ევროკავშირის კოორდინაცია საქართველოსთან კონტექსტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი ავტომატურად ევროკავშირის ანალოგიურად მოიქცევა და სანქციებს შემოიღებს.
თუმცა ასევე არ ნიშნავს, რომ თუ პოზიტიური თვალით შეხედავს ბიძინა ივანიშვილს (რისიც ნაკლებად მჯერა), მაშინ ევროკავშირიც ავტომატურად ასევე იტყვის, რომ თავდაპირველად გაცხადებული პოზიციები და სანქციები აუცილებლად შეიცვლება და „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობას აღიარებენ“.

ნიკა ჩიტაძე:
„დიალოგი საჭიროა კონკრეტულ საკითხებთან, რათა მიღწეულ იქნას კონკრეტული შედეგი. კარგი გაგებით, ზეწოლით, მათ შორის სანქციებით. ხელისუფლება იძულებული უნდა გახდეს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. წინაპირობა უნდა წაუყენონ, თუ უზრუნველყოფს განმეორებით არჩევნებს და პლურალიზმს და თანასწორობას წინასაარჩევნო პროცესში.
მეორე მხრივ, რაც არ უნდა არ მოგვწონდეს, თუ მარცხდება, უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიეცეთ. არ უნდა ჰქონდეთ შიში. მე ასე მგონია, რომ კომპრომისზე წასვლა არის საჭირო, როგორც ეს 2003 წელს ედუარდ შევარდნაძის შემთხვევაში მოხდა და გამოიძებნოს გამოსავალი.
მომავალში კი უნდა შედგეს შერიგება, ერთი ქვეყნის შვილები ვართ და საერთო პრობლემები გვაქვს. თუმცა აქამდე ჯერ უნდა მივიდეთ“.

ამასობაში კი ქარავანი მიდის…
პოლარიზაცია იზრდება და უკვე არა მარტო პოლიტიკურ წრეებში, არამედ საზოგადოებაშიც; რეგიონში ჯერ ისევ მძვინვარებს ომი უზარმაზარ რუსეთსა და დანარჩენ ცივილურ სამყაროს შორის; ყველა ელოდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის არა სიტყვებს, არამედ რეალურად რას მოიმოქმედებს; აქტუალური რჩება ეკონომიკური (ჩინური ექსპანსია) და შიდა ევროპული საკითხები და ასეთ დროს საქართველოს თავის უახლეს ისტორიაში უკვე მერამდენედ უწევს გაიაროს ბეწვის ხიდზე…
ხიდზე, რომლის ერთ მხარეს ისევ რუსეთია და მეორე მხარეს კი ასე ნანატრი ევროპა მოსჩანს!..

ფოტო: euronews
sky
newslooks
bbc
polskieradio

magti 5g