საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი, ვიდეოს სახით გავრცელდა სოციალურ ქსელში – ბეატრის გაზდელიანი სპეცრაზმელებს წინ გადაუდგა და მოუწოდებდა, მოდით, არ მეშინიაო. ჟურნალი „გზა“ გვთავაზობს ინტერვიუს ამ ვიდეოს გმირთან.
ბეატრის გაზდელიანი წარსულში საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის, თენგიზ გაზდელიანის შვილია…
„ფხიზელზეც იმავეს გავაკეთებდი, ნარკომანს რომ მეძახით, წარმოგიდგენიათ, საერთოდ რას ვგრძნობ?!“ – რას წერს აქციის მონაწილე, რომელიც სპეცრაზმს წინ გადაუდგა
ბეატრის გაზდელიანი 7 დეკემბერს დააკავეს, ის მეგობრის დაკავების შემდეგ სპეცრაზმს წინ გადაუდგა.
ბეა:
„ჩემი მეგობარი, გიორგი, უმცროს ძმად მიმაჩნია. როცა მე და გიორგი აქციაზე ერთად მივედით, მაქსიმუმ 5 წუთში დააკავეს და გაათრიეს… ამის შემხედვარე პანიკაში ჩავვარდი. უნდა ვაღიარო, ნასვამი ვიყავი. ისედაც, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ჩემ თვალწინ ასეთი რაღაც რომ მოხდა, მართლა არ ვიცოდი, რა მექნა…
ფხიზელიც იმავეს გავაკეთებდი, როცა რობოკოპები ჩემკენ „დუბინკებით“ მოდიოდნენ, არ მეშინოდა. ამას იქაც ვამბობდი, არ მეშინია, მოდით-მეთქი… შემდეგ მეც დამიჭირეს, განყოფილებაში გადამიყვანეს. თავდაპირველად, ეგონათ, რომ ნარკოტიკული საშუალება მქონდა მიღებული. ნარკოტესტი ჩავაბარე. რა თქმა უნდა, ტესტმა არაფერი აჩვენა. უბრალოდ, ნასვამი ვიყავი. იმის გამო, რომ ნარკოტიკი არ მქონდა მიღებული, განყოფილებიდან დილითვე გამომიშვეს. ახლა საზოგადოების ნახევარი ნარკომანს მიწოდებს, ნახევარი გმირს. თავს გმირად არ მივიჩნევ. მგონია, რომ ჩემს ადგილას ყველა იმავეს გააკეთებდა მეგობრისთვის…
მგონია, რომ ცუდი კომენტარების ავტორები „ქოცები“ ან „ბოტები“ არიან, რადგან ჩვეულებრივი ადამიანები იმას არ დაწერდნენ, რასაც ისინი წერენ. ჩემ შესახებ ისიც კი დაწერეს, ეტყობა, „ესკორტია“ და თავი გაიპიარა, რომ უფრო მეტი კლიენტი ჰყავდესო… ყველაზე მეტად ის მწყინს, ვიღაც ქალები რომ წერენ, უპატრონოა, მისი მშობლები სად არიან, „კაიფშიაო“. „კაიფში“ რატომ? ადამიანი აქციაზე ისე ვერ დადგება და ვერ იბრძოლებს?!“