LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვხედავთ ღრუბელს ქვეყანაზე, მოსკოვთან დაკავშირებას… მოდით, დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს“ – დებატები ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ და ევროდეპუტატების გზავნილები

160
ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ევროდეპუტატები „საქართველოში მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების დარბევის“ შესახებ მსჯელობენ.

„ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია და დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

„თბილისიდან ახლახან დავბრუნდი და რაც იქ ვნახე, სიმართლე გითხრათ, გამაოგნებელი იყო. მთავრობა, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდეგ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს და ცდილობს ევროპული დემოკრატია ბელარუსული სტილის ავტორიტარულ რეჟიმად აქციოს კრემლის ჩრდილის ქვეშ. ეს რუსული სახელმძღვანელოა, კარგად ნაცნობი დეზინფორმაციის, მანიპულირების, ძალადობისა და წამების შესახებ. მაგრამ, კოლეგებო იმან, რაც საქართველოში ვნახე იმედი მომცა. ათობით ათასი ადამიანი ყოველდღე ქუჩებში გამოდის და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და საქართველოსთვის იბრძვის, თან ევროკავშირის დროშას აფრიალებს. ეს დროშა მათთვის თავისუფლების სიმბოლოა“, – განაცხადა ტობიას კრემერმა.

მისივე თქმით, დროა, ევროპამ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად იმოქმედოს. ტობიას კრემერმა ევროპარლამენტარებს მიმართა, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს „ახალი არჩევნების მოთხოვნაში, ევროპისკენ და თავისუფლებისკენ გზაზე და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ევროკავშირის დროშა გამოხატავს“

„ვიზიტის დროს ხალხი ევროკავშირის დროშებით გვესალმებოდა, მაგრამ ასევე, გვეკითხებოდა, თუ სად არის ევროპა ამ ჭეშმარიტების მომენტში? კოლეგებო, ახლა ქართველები ჩვენ შემოგვყურებენ და არა მხოლოდ ქართველები, არამედ უკრაინელები და მოლდოველებიც, რომლებიც ახლა თავისუფლებისთვის იბრძვიან. ასე რომ, მოდით მათ ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია. მოდით, დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს. მოდით, ამ დარბაზში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივესალმოთ და მოდით, ქართველ ხალხს მხარი დავუჭიროთ ახალი არჩევნების მოთხოვნაში, ევროპისკენ და თავისუფლებისკენ გზაზე და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ევროკავშირის დროშა გამოხატავს“, – აღნიშნა გერმანელმა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს იმას, რომ მათ არჩევნები მოპარეს და გააყალბეს:

„ძვირფასო კოლეგებო, თუ არ გესმით, რას ამბობენ მომიტინგეები თბილისში ყოველ ღამით, ნება მომეცით, გითხრათ, მე მივედი მათთან შესახვედრად. მათ არჩევნები მოპარეს, გააყალბეს, მათ თავისუფლებას პარავენ. ისინი გამუდმებით იმეორებენ, რომ საქართველო არის ევროპა და არა რუსეთი. ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით და ვერ ვხედავთ რეპრესიებს ამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ? მათ დაპატიმრებას, ცემას. ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებს ციხეში უშვებენ, ვხედავთ ღრუბელს ქვეყანაზე, მოსკოვთან დაკავშირებას. ვართ მნიშვნელოვანი? არ დავუწესებთ სანქციებს „ქართული ოცნების“ დონორებს, ვისაც სურთ საქართველო რუსეთად გადააქციონ? პრეზიდენტმა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი იქნა ევროპარლამენტში მოიწვია. ქალბატონი ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. მან პლენარულ სხდომაზე უნდა ისაუბროს. საქართველო მიეკუთვნება ჩვენი ევროპული დემოკრატიის სახლს. მათ ვისაც ჩვენი სჯერა ევროპის, ჩვენი უნდა დავუმტკიცოთ, რომ მართლები არიან, რომ ჩვენო სჯერათ“, – განაცხადა ლუაზომ.

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარის, რაინიე ვან ლანშოტის განცხადებით კი, საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია. როგორც ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა“:

„ამ კოშმარის ლიდერებმა ხალხის ხმა მოიპარეს არჩევნებით, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა და ევროკავშირისკენ გზის გადაკეტვით ხალხს იმედი მოპარეს. ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან, მაგრამ ნიღბები ჩამოხსნილია და მათ ნამდვილი სახე აჩვენეს. სახე, რომელიც ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რუსული ჩაგვრის სახე“, – განაცხადა რაინიე ვან ლანშოტმა.

მისივე თქმით, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობის მიუხედავად ქართველი ხალხი არ ნებდება.

„მოსახლეობის 7% ყოველდღიურად საპროტესტო აქციებზე გამოდის. გასულ ხუთშაბათს ამ აქციების მონაწილეებთან ერთად გავიარე და ისინი ახალ არჩევნებს ითხოვენ. ერთი წლის წინ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა არა მისი ხელისუფლების, არამედ ხალხის გამო და ეს ხალხი დღეს ჩვენგან მოქმედებას ელის, მაშ როგორ დავეხმაროთ მათ?! სანქციები დავუწესოთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ მხოლოდ საკუთარი სიმდიდრე აინტერესებთ, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიის სხვა დამცველები, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, რომელიც 29 დეკემბრის შემდეგაც ლეგიტიმური იქნება. როგორც ერთმა დემონსტრანტმა მითხრა, საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

იტალიელი ევროპარლამენტარის, დანილო დელა ვალეს განცხადებით, „საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და საპროტესტო აქციების შესახებ კომენტარი ზედიზედ რვაჯერ გაკეთდა, მაგრამ მისივე თქმით „ჩვენ არ ვატარებთ კენჭისყრას რეზოლუციის შესახებ, რომელიც ნეთანიაჰუს მიერ პალესტინელი ხალხის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გმობს“:

„მაშინ, როდესაც ჩვენ მესამე მსოფლიო ომში ვეშვებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და საპროტესტო აქციების შესახებ კომენტარი ზედიზედ რვაჯერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ არ ვატარებთ კენჭისყრას რეზოლუციის შესახებ, რომელიც ნეთანიაჰუს მიერ პალესტინელი ხალხის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გმობს. დროს ვკარგავთ, მაგრამ რისი აღიარებაც ჩვენ არ გვინდა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ხმას თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე აძლევენ და არა იმის, რაც კალასსა და ფონ დერ ლაიენს სურთ“, – განაცხადა დანილო დელა ვალემ.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები მთელ ევროპაში მიმდინარეობს, სადაც ახალგაზრდები ქუჩებში გამოდიან და მეტ უფლებებსა და პალესტინელი ხალხის უფლებების დაცვას ითხოვენ.

„ევროკავშირი ორიენტირებულია საქართველოზე, ახლახან არჩეული მთავრობა სხვა ინტერესებს ატარებს და ვინც ნატო-ზე ზრუნავს ამას აპროტესტებს. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ და არა სხვებზე ზეწოლასა და მუქარას“, – აღნიშნა იტალიელმა ევროპარლამენტარმა.

magti 5g