მსახიობი და ტელესახე, მაკა შალიკაშვილი სოციალურ ქსელში კრიტიკის ობიექტი გახდა. საქმე ეხება მსახიობის მიერ ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე სცენიდან მოყოლილ ისტორიას, ნაძვის ხის მნიშვნელობის შესახებ.
„როდესაც პატარა იესო დაიბადა და მას სდევნიდნენ, დედამ – მარიამმა ის წამოიყვანა, როდესაც მტერი მოსდევდა მოსაკლავად, ტრიალ მინდორზე იყვნენ და იქ მხოლოდ ერთი ნაძვის ხე იდგა. მათ ნაძვის ხეს შეაფარეს თავი. ამ დროს მოხდა სასწაული, ნაძვის ტოტები დაბლა დაეშვა და ყრმა იესო მტრისგან დაიფარა. აი, ეს არის ნაძის ხე – ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია” – მიმართა მსახიობმა ღონისძიებაზე შეკრებილებს.
მაკა შალიკაშვილი „პალიტრა ვიდეოსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ნათქვამი დაამახინჯეს და ვიდეოდან სწორედ ის ნაწილი ამოჭრეს, სადაც ამბობს, რომ „ასეთი თქმულება არსებობს”:
„მე ვთქვი, რომ ასეთი თქმულება არსებობს, ასე დავიწყე ეს ისტორია. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი მოაშორეს. ბიბლიაც დაწერილია და სახარებაც. არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, ასეთი თქმულება იყო. ასეთი თქმულება რომ არის, ეს რა თქმა უნდა, ამოჭრილია.
ამ ამბის მთავარი აზრი არის – სიკეთე. იმდენ სიბოროტეს აჯერებენ ბავშვებს, მოდი, სიკეთე დავაჯეროთ. ამ ამბავში არაფერი უბედურება არ არის, რომ ვინმე შეცდომაში შეიყვანოს. ამის შემდეგ თუ ვინმეს სიყვარულით ააწყობს და დადგამს სახლში ნაძვის ხეს, ამით არაფერი დაშავდება. მთავარია, ერთმანეთს არ ვუსურვოთ ბოროტება“ – განაცხადა მაკა შალიკაშვილმა.