პარლამენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა. საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი ბიბლიასა და კონსტიტუციაზე დადო. ყაველაშვილი საინაუგურაციო ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
ღონისძიებას ესწრებოდა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
ღონისძიება მიხეილ ყაველაშვილის სიტყვის გამოსვლით დასრულდა.
„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გარედან თავს მოხვეული, საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის წინაშე. ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მათი შეხედულებებისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა!“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას და ამასთან, აღნიშნა, რომ მისი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ.
„ჩემი მომავალი ძალისხმევა მიმართული იქნება საზოგადოების კონსოლიდაციისა და გაერთიანებისკენ. მიუხედავად იმისა ვის რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ საკითხზე – ჩვენ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება ჩვენი სამშობლოს, ღირებულებებისა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული წესების გარშემო. იმ მომავლის გარშემო, რომლის შენებაც ჩვენ ერთად უნდა განვაგრძოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ყოველთვის კარგად იცოდა, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია.
„მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი – ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული.
ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია! კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ!“ , – განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
დიპლომატიური კორპუსი ღონისძიებაზე მოწვეული არ იყო.