მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძეს და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა, მსახიობი კახა კინწურაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „ადამიანებისგან, ვინც აუბედურებს ხალხს, ძვლებში ამტვრევს, სახეს ულეწავს, ქვეყანას ყიდის, რას უნდა ელოდო? – სამართლიანობა ამათ ხელში არ იქნება“.
კინწურაშვილის თქმით, მისი ოცნება იყო, გათავისუფლებულიყვნენ დაკავებულები, თუმცა, ამის მოლოდინი არ ჰქონიათ.
„ერთადერთი ოცნება იყო, რომ ეს ადამიანები დღეს გარეთ გამოსულიყვნენ, რომ დღეს ანდროს მისი შვილი ენახა, ამაზე ვოცნებობდით, მაგრამ, თავისთავად, არ ველოდით. როგორ უნდა ელოდებოდე იმ ადამიანებისგან, ვინც აუბედურებს ხალხს, ძვლებში ამტვრევს, სახეს ულეწავს, ქვეყანას ყიდის – ამ ადამიანებისგან რას უნდა ელოდო, სამართლიანობას? არა, სამართლიანობა ამათ ხელში არ იქნება“, – განაცხადა კინწურაშვილმა.
ცნობისათვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.