17 იანვარი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, მაია ჩიბურდანიძის დაბადების დღეა!
მოჭადრაკეს დაბადების დღეს ულოცავს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
ეროვნული ბიბლიოთეკა მაია ჩიბურდანიძის მიღწევებზე.
„მაია ჩიბურდანიძის დებიუტი ბრასოვის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე შედგა, როდესაც ის მხოლოდ 13 წლის იყო. ორი წლის შემდეგ მან საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო 1977 წელს ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.
მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. დედოფლის გვირგვინი მას 1978 წლიდან 1991 წლამდე ეკავა და ამ მაჩვენებლით მისი შედეგი ვერა მენჩიკისა და ნონა გაფრინდაშვილის შემდეგ მესამეა. აღსანიშნავია, რომ მენჩიკი 18, ხოლო გაფრინდაშვილი 16 წლის განმავლობაში ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.
1978 წელს, ჩიბურდანიძემ მოქმედი ჩემპიონის — ნონა გაფრინდაშვილის — წინააღმდეგ ითამაშა, ანგარიშით 8,5:6,5 გაიმარჯვა და 17 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 1981 წელს, ბათუმში, ნანა ალექსანდრიასთან შეხვედრა ფრედ (8:8) დასრულდა, თუმცა ჩიბურდანიძემ ტიტული მაინც შეინარჩუნა. სამი წლის შემდეგ, ვოლგოგრადში, ირინა ლევიტინა ანგარიშით 8:5 დაამარცხა. მომდევნო მეტოქე ელენა ახმილოვსკაია იყო: 1986 წელს, სოფიაში გამართულ პაექრობაში, ჩიბურდანიძემ ანგარიშით 8,5:5,5 გაიმარჯვა. 1988 წელს, თელავში, მან ნანა იოსელიანს 8,5:7,5 სძლია.
1991 წლის თებერვალში, მანილაში, ჩიბურდანიძემ გვირგვინი ჩინელ სიუ ძუნთან დათმო.
მაია ჩიბურდანიძეს საჭადრაკო ოლიმპიადებში 15-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც ქალთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია. 7-ჯერ იცავდა საბჭოთა კავშირის (1978–1990), ხოლო 8-ჯერ — საქართველოს (1992–2004, 2008) ნაკრების ღირსებას. ჩიბურდანიძე 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და 3-გზის ვიცე-ჩემპიონია. ინდივიდუალურად, ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და ოთხჯერ მოიპოვა მცირე ოქროს მედალი. ჯამში, ოლიმპიადებზე გამართულ 167 პარტიაში, მის აქტივში 125,5 ქულაა (+89=73-5).
მაია ჩიბურდანიძე ევროპის ჩემპიონი (1997) და ვიცე-ჩემპიონია (2005) ქალთა შორის.
დღესდღეობით მაია ჩიბურდანიძე თბილისში, მისივე სახელობის საჭადრაკო აკადემიას ხელმძღვანელობს.“ – წერენ სოციალურ ქსელში.