„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს“.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მას არ ჰგონია, რომ დიდმა ბრიტანეთმა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს:
„ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ განცხადებებს ვისმენთ და ვხედავთ, რომელიც დაფუძნებულია უსამართლობაზე და, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ვხედავთ. ყველა გადაწყვეტილება დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე, პირდაპირ გეუბნებიან თეთრზე შავია.
ზოგადად, მსოფლიოში ვხედავთ რა ვითარებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი რაიმე შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, ყველას ამის იმედი აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი თვითონ საუბრობს ამ ყველაფერზე, რომ პირველი, რასაც გააკეთებს არის ის, რომ „დიფ სთეითი“ უნდა დაამარცხოს, ამაზე არაერთი განცხადება მოვისმინეთ. წარმოუდგენელია ასე ცხოვრების გაგრძელება უსამართლობით. როდესაც ძალით არის ყველაფერზე საუბარი, გადაწყვეტილებების მიღება.
არ მგონია, რომ ბრიტანეთმა ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა თუ ისინი მიიღებენ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი და ის, რომ ბრიტანეთი ყოველთვის სამართლიანობასთან ასოცირდებოდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდება“, – თქვა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ინფორმაციით, 16 იანვარს გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადება შევიდა. წინადადება თემთა პალატას 13 იანვარს წარედგინა. ამ დროისთვის მას პალატის 13 წევრი აწერს ხელს.
აღნიშნულის საპასუხოდ, 16 იანვარსვე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელე, რომელიც წერია, რომ „დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს“.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი