LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავის ტკივილი ბავშვებში – გვანცა არველაძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

828
გვანცა-არველაძე

„რა იწვევს თავის ტკივილს ბავშვებში და რამდენად საგანგაშო შეიძლება იყოს მდგომარეობა, რას გულისხმობს პირველადი და მეორადი თავის ტკივილები, როგორ უნდა ამოვიცნოთ შაკიკი, რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ, რა აუცილებელი კვლევები ინიშნება თავის ტკივილისას“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, პროფესორმა, ბავშვთა ნევროლოგმა – გვანცა არველაძემ ისაუბრა.

გვანცა, რას გულისხმობს პირველადი და მეორადი თავის ტკივილები და საერთოდ, რა ტიპის თავის ტკივილები არსებობს ბავშვებში?

ჩვენი დღევანდელი თემა ნამდვილად აქტუალურია. თავის ტკივილებთან დაკავშირებით საკმაოდ მაღალია მომართვიანობა ბავშვთა ასაკში. ზოგადად, მშობლები ძალიან ღელავენ ამ საკითხზე, რადგან თავის ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელია ბავშვისთვის, ის ხშირად მოქმედებს ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე და აქვეითებს სხვა სოციალურ აქტივობებს. გარდა ამისა, ასეთ დროს,  მშობლები ხშირად ფიქრობენ გარკვეულ მძიმე დაავადებებზე, რომელთა სიმპტომიც შეიძლება იყოს თავის ტკივილი.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, პირველადი თავის ტკივილი არის მდგომარეობა, რომელიც უშუალოდ ნერვული სისტემის დაავადებაა და რომლის ერთ-ერთი ნიშანიც გახლავთ თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს დაძაბულობის ტიპის, შაკიკური მიმდინარეობის და კლასტერული ტიპის.

მეორადი თავის ტკივილი ეს არის ტკივილი, რომელიც არის რაიმე დაავადების გამოვლენა, სიმპტომი.

თავის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული ინფექციებით, სინუსიტით, ფრონტიტით, ის, ასევე, შეიძლება გახლდეთ თავის ტვინის და საკმაოდ სერიოზული დაავადებების სიმპტომი. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოვახდინოთ პირველადი და მეორადი თავის ტკივილების დიფერენცირება.

რა ტიპის ტკივილია დაძაბულობის თავის ტკივილი, კავშირშია თუ არა ის გადაღლასთან, დატვირთვასთან?

დაძაბულობის თავის ტკივილი ეს არის პირველადი თავის ტკივილი. ის ძალიან ხშირია ბავშვებში. მარტივად რომ ავხსნათ, დაძაბულობის თავის ტკივილი ეს არის ტკივილი, რომლის დროსაც თავის ტვინში სტრუქტურული, ორგანული, პათოლოგიური ცვლილებები არ ხდება, რომლის დროსაც დაჭიმული, დაძაბულია ექსტრაკრანიალური სისტემები, თავის კანი, კანქვეშა ქსოვილი, კუნთები და რა თქმა უნდა, ის კავშირშია გადაღლასთან, დაძაბულობასთან. ის უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომ დიაგნოზი დავსვათ. მას უფრო მეტად ახასიათებს მოჭერითი ტიპის თავის ტკივილი, რომელიც ვრცელდება შუბლის არეში, თხემის მიდამოში. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაძაბულობის თავის ტკივილის დროს არ ხდება ტკივილის გაძლიერება სხვადასხვა მოქმედებების დროს, მაგალითად, სირბილისას, სიარულისას. ის ნაკლებად აქვეითებს ბავშვის ყოველდღიურობას. მას ძალიან იშვიათად სდევს ისეთი მოვლენები, როგორიცაა ღებინება, სინათლის აუტანლობა, ხმაურის აუტანლობა. დაძაბულობის თავის ტკივილი  შეიძლება იყოს ეპიზოდურიც და მან შეიძლება მიიღოს ქრონიკული ხასიათიც, რაც საკმაოდ ხშირია.

მინდა, მშობლები დავამშვიდო და ვთქვა, რომ ბავშვებში ძირითადად დაძაბულობის თავის ტკივილებია. ხანდახან, ამ ყველაფრის მიზეზი ისიც არის, რომ ბავშვებს ხშირად ისეთ მოთხოვნებს ვუყენებთ, რომლებიც მათთვის ძალიან რთულია. ამ ტიპის თავის ტკივილებს იწვევს გადაღლა, ასევე ეკრანი, შესაბამისად, ამ ყველაფრის რეგულირების შემდგომ, თავის ტკივილი უკვალოდ ქრება.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც მიმართვის, ისე გასინჯვის დროს არ იყოს როგორც ფიზიკური, ისე ნევროლოგიური ცვლილებები.

როგორ ამოვიცნოთ შაკიკი ბავშვებში, არსებობს თუ არა რაიმე მახასიათებელი, რომელიც აღნიშნულ პრობლემაზე მიუთითებს?

ზოგადად, შაკიკისთვის დამახასიათებელია ქრონიკული, განმეორებითი ტიპის თავის ტკივილი, რომელიც უფრო მეტად შეტევის სახით ვლინდება. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, შეტევების გარკვეული რაოდენობა, რომლის მიხედვითაც ხდება დიაგნოზის დასმა.

შაკიკი იყოფა ორ ნაწილად, აურით და აურის გარეშე.

აურით მიმდინარე შაკიკის ამოცნობა ძალიან მარტივია. აურა ეს არის მდგომარეობა, რომელიც შეტევის დაწყებამდე აღენიშნება ბავშვს თუ მოზრდილს და ეს გულისხმობს, მოციმციმე წერტილის ხედვას, სხვადასხვა სენსორული მგრძნობელობის გაზრდას, შეიძლება იყოს მოტორული აქტივობა, რასაც მოჰყვება შეტევითი ხასიათის ტკივილი. ამ ტკივილსაც თავისი ხანგრძლივობა გააჩნია, ის უნდა იყოს დროში გახანგრძლივებული, ძალიან ძლიერი, მოჭერითი ხასიათის. მოზრდილ ადამიანებში და მოზრდილ ბავშვებში უფრო მეტად გვაქვს ნახევარ მხარეზე წარმოდგენილი ტკივილი, თუმცა ბავშვებში ის შეიძლება იყოს ბიფრონტალური, ანუ ის იყოს ორივე მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომებია გულისრევა და ღებინება, ასევე სინათლის და ხმაურის აუტანლობა. ამ დროს, ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ პაციენტი იყოს დაბნელებულ ოთახში, რათა მოხდეს ამ ყველაფრის მოხსნა.

აურის გარეშე მიმდინარე შაკიკისთვისაც გვაქვს კრიტერიუმები, ეს უნდა იყოს ხუთი შეტევა და მეტი. შეტევას თან უნდა ახლდეს აქტივობის დაქვეითება. ამ შემთხვევაში, ტკივილი ძალიან მკვეთრად ძლიერდება მოძრაობის, სიარულის დროს, ხმაზე, სინათლეზე… ამ დროს ბავშვი უძლებს ძალიან ძლიერ ტკივილს, რომელიც 1-დან 72 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში, ჩვენ ვცდილობთ შეტევის მოხსნას და მკურნალობას. ამის შემდგომ, ჩვენ ვატარებთ პროფილაქტიკურ, პრევენციულ მკურნალობას იმისთვის, რომ შემცირდეს შეტევების სიხშირე და სიძლიერე.

შეიძლება თუ არა, რომ თავის ტკივილი გამოიწვიოს შიმშილმა, ძალიან გადაღლამ, გაჯეტთან დიდხანს გატარებულმა დრომ და თავის ტკივილისას, რა დროს უნდა მივმართოთ აუცილებლად ექიმს?

გადაღლა, უძილობა, გაჯეტები, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაპროვოცირებელი იყოს გარკვეული ტიპის თავის ტკივილების. პირველადი თავის ტკივილი, როგორიცაა დაძაბულობის, შაკიკი, კლასტერული თავის ტკივილი და ასევე მეორადი, შეიძლება, გამწვავდეს ვირუსული ინფექციის, გადაღლის, უძილობის დროს. ბავშვებს, რომელთაც აქვთ პირველადი თავის ტკივილის დიაგნოზი, შაკიკი, მდგომარეობა უმწვავდებათ სხვადასხვა გამღიზიანებელ ფაქტორებზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს, საკვებს. თავის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს დღე-ღამის რეჟიმის დარღვევასთან, არასწორად გადანაწილებულ დროსთან, ემოციურ ფაქტორებთან, ძილის ნაკლებობასთან.

ბავშვი არ უნდა იყოს მშიერი. მას უნდა ჰქონდეს წახემსების, დასვენების საშუალება. გაჯეტებზე და ეკრანზე დამოკიდებულება არის ერთ-ერთი ისეთი მიზეზი, რაც თავის ტკივილს ამწვავებს.

დავუბრუნდები შაკიკის ფორმებს ბავშვებში… არის სპეციალური ფორმები, ეს არის აბდომინალური შაკიკი, პაროქსიზმული ანუ დადებითი პროგნოზის მქონე თავბრუსხვევა, ციკლური ღებინება.

  • აბდომინალური შაკიკისთვის დამახასიათებელია მუცლის ტკივილი, მას ასევე, შეიძლება, თან ერთოდეს გულისრევა, ღებინება და უფრო ნაკლებად ერთვოდეს თავის ტკივილის შეტევები.
  • რაც შეეხება თავბრუსხვევას, ვერტიგოს, ეს არის წონასწორობის კარგვის შეტევები, რომელსაც ახლავს ღებინება, გულისრევა, რომელსაც ცოტა ხანში მოჰყვება თავის ტკივილი.
  • არსებობს ციკლური ღებინებები, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივად, რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ამ ციკლურ ღებინებებს შორის შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილი.

აღნიშნული ფორმები შაკიკის ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებლებია და ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ მიმართოთ ექიმს.

ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ თავის ტკივილი კონსულტირებული იყოს პედიატრის, სპეციალისტის მიერ, რადგან თავის ტკივილს შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, მაგალითად, მენინგიტი, ენცეფალიტი… როდესაც ატყობთ, რომ ტკივილი არის ძალიან მწვავე, არის მაღალი ტემპერატურა, გარდა ამისა, შეინიშნება ღებინების ეპიზოდები, მხედველობის, მოძრაობის სირთულეები და ა.შ. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმის შემდგომი სისხლჩაქცევაც, ასევე გარკვეული ტიპის სიმსივნური დაავადებები. ყველა ამ პრობლემას  თავისი კრიტერიუმები ახასიათებს.

თუ ტკივილი გახლავთ ძალიან მწვავე, თუ ის ბავშვს ხელს უშლის,  თუ ბავშვის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც იყო ტკივილამდე, როდესაც არის გარკვეული სიმპტომატიკა, არის ღამის თავის ტკივილი და დილით ადრე თავის ტკივილი, როდესაც განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობაში ხდება გაღიზიანება და ინტრაკრანიალური წნევის მატება, ღებინება, გულისრევა, ნევროლოგიური დაზიანების ნიშნები, ჰემოპარეზი, მხედველობის სირთულეები, იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ გარკვეული გართულებები აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვებში თავის ტკივილი უმეტესად დადებითი პროგნოზისაა და უმეტესად არის დაძაბულობის თავის ტკივილი.

ზოგადად, შაკიკი წარმოშობით საშიში არ არის, უბრალოდ, სიმპტომები არის ძალიან შემაწუხებელი და მაინც უმჯობესია, რომ სპეციალისტის მიერ იყოს კონსულტირებული, რომ მან განსაზღვროს შემდგომი ქმედება.

რას ვაკეთებთ პირველ რიგში, როცა ბავშვი გვეუბნება, რომ თავი სტკივა, ვაძლევთ თუ არა მას, ტკივილგამაყუჩებელს? ზოგადად, თავის ტკივილის შემთხვევაში, რა ტიპის კვლევები ინიშნება იმისთვის, რომ გავიგოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე და როდის დგება მაგნიტურ რეზონანსული კვლევის ჩატარების აუცილებლობა?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია, რომ თავის ტკივილის დროს ბავშვი გადამისამართებული იყოს სპეციალისტთან. დიაგნოზის დასმის დროს, ექიმი ითვალისწინებს: ისტორიას, ანამნეზს, თუ სად არის ლოკალიზებული ტკივილი და როდის იწყება ის, თუ რა ასოცირებული სიმპტომები ახლავს თან… არის სპეციალური კითხვარები, რომლებსაც ექიმები დიაგნოზის დასმისას იყენებენ. ეს ყველაფერი მათ ეხმარებათ, განასხვაონ დაძაბულობის თავის ტკივილი, შაკიკი, მეორადი თავის ტკივილი. სპეციალური კითხვარების საშუალებით ხდება განსაზღვრა, საჭიროა თუ არა კვლევების გაგრძელება. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება სისხლის საერთო ანალიზი, გარკვეული ბიოქიმიური ანალიზების ჩატარება, რომ გამოვრიცხოთ ისეთი მიზეზები, როგორიცაა ვიტამინების დეფიციტი, დაბალი ჰემოგლობინი, რომ ჩვენ აღარ გავაგრძელოთ ინსტრუმენტული კვლევები.

მოგეხსენებათ, თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა არის კვლევა, რომელიც ზუსტად გვაძლევს დიაგნოზს და ინფორმაციას თავის ტვინში არსებული პათოლოგიური ცვლილებების შესახებ, თუმცა უნდა განვსაზღვროთ ისიც, რომ ეს კვლევა ბავშვისთვის საკმაოდ სტრესულია. აღნიშნული კვლევა ფინანსურადაც საკმაოდ ძვირადღირებულია. მშობელი თავად ვერ განსაზღვრავს სჭირდება თუ არა ბავშვს თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, ამ ყველაფერს ექიმი ფიზიკური გასინჯვის, ნევროლოგიური შეფასების და გარკვეული ანალიზების ჩატარების შემდეგ წყვეტს.

თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა ძირითადად მეორადი თავის ტკივილების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, არის თუ არა გარკვეული ცვლილებები.

ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი, რადგან ეს შეიძლება თავის ტვინის ანთებით დაავადებებზე, მენინგიტზე, ენცეფალიტზე მიუთითებდეს. ამ შემთხვევაში უკვე თავის ტვინის სითხის ფუნქცია კეთდება.

საბოლოოდ, მაინც იქამდე მივდივართ, რომ აუცილებელია ყველანაირი თავის ტკივილი იყოს კონსულტირებული სპეციალისტის მიერ. რა თქმა უნდა, თუ ეს ყველაფერი იმ წუთებში შეუძლებელია და ბავშვს ძალიან ძლიერი თავის ტკივილი აღენიშნება, ჩვენ შეგვიძლია მას მივცეთ გარკვეული პრეპარატები, არასტეროიდები – იბუპროფენი და პარაცეტამოლი.

ზემოთ ისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კვების ფაქტორი, როგორია არასწორი კვების რეჟიმი, რომელმაც შეიძლება, ბავშვი თავის ტკივილებამდე მიიყვანოს და ზოგადად, სტრესი თუ შეიძლება გახდეს თავის ტკივილის წინაპირობა?

რა თქმა უნდა, სტრესი შეიძლება, რომ თავის ტკივილის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი იყოს. პუბერტატულ ასაკში, როცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ გარემოს, როდესაც არის ემოციური სფეროს მართვის სირთულეები, არის დეპრესიული ტიპის თავის ტკივილები.

რაც შეეხება კვებას, შიმშილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ის იწვევს გაღიზიანებას, მასზე განსაკუთრებით რეაგირებენ ექსტრაკრანიალური ნაწილები. 

საკვებისმიერი თავის ტკივილი ძალიან იშვიათი ტიპის თავის ტკივილია. არსებობს ყველისმიერი თავის ტკივილი, ნაყინისმიერი თავის ტკივილი….

თავის ტკივილის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია მიზეზის განსაზღვრა, კი, ექიმმა შესაძლოა უმკურნალოს პაციენტს, ჩართოს გარკვეული ტიპის მედიკამენტები, მაგრამ მშობელმა უნდა განსაზღვროს ტრიგერები და იზრუნოს მათ მოშორებაზე. სასურველია შევამციროთ კოფეინის და შოკოლადის შემცველი პროდუქტები, რომლებიც ამწვავებენ თავის ტკივილს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეამცირებს თავის ტკივილების სიხშირეს.

გაქვთ თუ არა ერთგვარი რეკომენდაციები იმ ბავშვებისთვის და მათო მშობლებისთვის, რომლებიც ხშირად უჩივიან თავის ტკივილს, როგორი უნდა იყოს მათი ცხოვრების წესი?

პირველ რიგში, როდესაც საუბარია პირველადი ტიპის თავის ტკივილზე, დაძაბულობის თავის ტკივილზე, შაკიკზე ან კლასტერზე, მშობელმა უნდა გაიაზროს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება დროში გახანგრძლივდეს და გაგრძელდეს, რადგან ისინი ასოცირებულია გარკვეულ ფაქტორებთან.

ჩემი პირველი რეკომენდაცია გახლავთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ძილის რეჟიმის რეგულირება. როგორც უკვე ვთქვით, აუცილებელია, მშობელმა განსაზღვროს, თუ რა არის ტკივილის გამომწვევი მიზეზი. ჩვენ ამისთვის დღიურსაც კი ვაწარმოებთ, ვაკვირდებით, რასთან ასოცირდება ტკივილი, დღის რომელ ნახევარშია ის და ა.შ.

რაც შეეხება შაკიკს, არის მისი მკურნალობის პრევენციული მეთოდები, რადგან შაკიკი საკმაოდ საყურადღებო და შემაწუხებელი დარღვევაა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. თუ შაკიკი დადასტურდა და თუ შაკიკის შეტევები ძალიან ხშირი და იმდენად მწვავეა, რომ ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს, ჩვენ ვიყენებთ გარკვეული ტიპის მედიკამენტებს, ანტიჰისტამინურ საშუალებებს, ანტიდეპრესანტებს და მძიმე შემთხვევაში, ბეტაბლოკერებს. დანიშნული პრევენციული მკურნალობა ამცირებს შეტევების სიხშირეს და სიმძიმეს.

ჰორმონალური ცვლილებები თუ შეიძლება გახდეს თავის ტკივილის მიზეზი, ბავშვებში ყველაზე აქტიური რა ასაკში არის ხოლმე თავის ტკივილები?

მონაცემები ასეთია… პუბერტატულ ასაკამდე ბიჭებსა და გოგონებში ფაქტობრივად ერთნაირი არის თავის ტკივილი.

გოგონებში პუბერტატულ ასაკში (13-14 წელი და შემდგომ), პრე-პუბერტულ ასაკში( 10-11 წელი), ჰორმონალურ ცვლილებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც პირდაპირ კავშირშია თავის ტკივილები და ჰორმონალური სისტემა.

შესაბამისად, შესაძლოა, იყოს პერიოდი, როცა ჩვენ ამ მიზეზებიდან გამომდინარე თავის ტკივილის გამწვავება მივიღოთ. გარდა ამისა, ეს არის პერიოდი, როდესაც ზუსტად ამ ჰორმონების ზემოქმედების შედეგად მთლიანად იცვლება ბავშვის ემოციური სფერო, ისინი ხდებიან უფრო ემოციურები, უფრო მეტად განიცდიან და ნერვიულობენ. აქედან გამომდინარე, ბავშვებში ხშირია დაძაბულობის თავის ტკივილი, სტრეს ფაქტორებით გამოწვეული თავის ტკივილი. სწორედ პუბერტატულ ასაკში გვაქვს თავის ტკივილების საკმაოდ ხშირი მატება. თავის ტკივილები ხშირია სასკოლო პერიოდშიც, როდესაც ბავშვი არის გადაღლილი, დაძაბული და ძალიან დატვირთული.

სტატისტიკური მონაცემების თქმა რთულია, მაგრამ კვლევების მიხედვით, შაკიკი 2-დან 7 წლამდე სადღაც 3 პროცენტში გვხვდება, 8-დან 11 წლამდე 11 პროცენტში… ასაკის მატებასთან ერთად, თავის ტკივილების სიხშირე, რა თქმა უნდა, იზრდება.

როგორ უნდა გავმიჯნოთ, ბავშვს მართლა სტკივა თავი თუ იტყუება, შესაძლოა თუ არა თავის ტკივილი თვალების პრობლემებიდან მომდინარეობდეს? თავის ტკივილის დროს მშობლები ხშირად მიმართავენ ენცეფალოგრამას, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა ეს კვლევა აღნიშნული პრობლემის დროს?

თავის ტკივილი სიმულაციაა თუ არა, ეს მშობელმა უნდა განსაზღვროს დაკვირვების შედეგად.

რაც შეეხება ელექტროენცეფალოგრამას, მის დანიშვნას თავის ტკივილის დროს, არანაირი დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვს. ელექტროენცეფალოგრამა არის კვლევა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას გულყრებთან, კრუნჩხვებთან, ეპილეფსიასთან დაკავშირებით.

თავის ტკივილის დიაგნოსტირებისას, მნიშვნელოვანია: ანამნეზი, ფიზიკური გასინჯვა, ნევროლოგიური გასინჯვა. თუ ჩვენ ორგანულ-პათოლოგიურ მიზეზებს ვეძებთ, ამ შემთხვევაში, ტარდება მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც გამორიცხავს სხვადასხვა წარმოშობის ორგანულ პათოლოგიებს და ცვლილებებს თავის ტვინში. ელექტროენცეფალოგრამა ამ ყველაფერს შეიძლება დავურთოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ეჭვი გვაქვს, გარკვეული ტიპის ნეირონების განმუხტვის შედეგად განვითარებულ კრუნჩხვით, გულყრით მოვლენებზე და ვფიქრობთ, ეპილეფსიის გარკვეულ ეპიზოდებზე.

მხედველობის პრობლემა, თვალის გადაღლა, დაძაბულობა შესაძლოა თავის ტკივილის მიზეზი იყოს, ამიტომ თვალებზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

თავის ტკივილის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციები, სინუსიტები, ფრონტიტები, ოტიტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები