„შენ გთვლი მკვლელად! – თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა“, – ასე მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა გიორგი ახობაძემ პროკურორს სასამართლო სხდომაზე.
დღევანდელ პროცესზე სასამართლომ გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.
ახობაძის თქმით, დედამისი იყო პალიატიური პაციენტი, რომელსაც თავად უვლიდა. დაკავებულის თქმით, მძიმედ ავადმყოფ დედასთან სიცოცხლის ბოლო წუთების გატარების საშუალება არ მიეცა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი, გიორგი ახობაძე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა
როგორც სასამართლო პროცესზე გიორგი ახობაძემ განმარტა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„ორად ორი კონტაქტი ჰყავდა ასეთ პაციენტს. ასეთ პაციენტები არიან მოწყვლადი ნებისმიერი დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემის მიმართ. ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გარდაცვალება. აი, მხოლოდ ამ მომენტამდე ითვლებით თქვენი გადაწყვეტილებით და მოთხოვნილი აღმკვეთი ღონისძიების გამო მკვლელად. იძულებული გავხდით, რომ დედაჩემი გადაგვეყვანა იმდენი კონტაქტის მქონე ადგილას.
მართალია ის ჰოსპიტალია, მაგრამ მე ჩემი კომპეტენციებიდან გამომდინარე, მისთვის პირობები სახლში მქონდა შექმნილი. ჰოსპიტალში ექთნების ხუთი ცვლა მუშაობს, ხუთი ცვლა მუშაობს ექიმების, ასევე, ადმინისტრატორები, რეგისტრატორები, რომლებიც მოდიან პაციენტის სანახავად – თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილობის რისკი. თქვენგან განსხვავებით მე სიმართლის და სამართლის მხარეს ვარ და არ ვიკადრებ იმას, რომ ის დაგაბრალოთ რაც არ გეკუთვნით…
არ მომეცით საშუალება მიმეხედა დედაჩემისთვის. მათ შორის არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ჩემს ყველა პაციენტს აქვს გავლილი ჩემი პრაქტიკის მანძილზე. არცერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს სცდება და შეიძლება ჩემმა კოლეგებმა ზოგ შემთხვევაში ეს „წყლის ნაყვად” შემიფასონ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის ნაცვლად ორი საათი არ შევწყვიტე მათი გადაუდებელი დახმარება.
ასეთი კონკრეტული ადამიანები ცოცხლები დადიან, პატარა ბავშვები იყვნენ, რომლებიც დღეს თინეიჯერები არიან და თქვენ თქვენი დაუსაბუთებელი და საერთოდ უსისხლო, უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტის მიმართ ზუსტად ის ნაბიჯები გადამედგა, რომელიც ჩემს თითოეულ პაციენტს აქვს მიღებული. ეს, ამიერიდანაც ასე იქნება, ასეთი შინაგანი რწმენით ვმუშაობ მე და ასეთი შინაგანი რწმენით ვარ ექიმი.
დავესესხები ჯორჯ ორუელს, რომ „მოსიარულე ფონოგრამას” ვუსმენთ ჩვენ ახლა აქ და არა პროკურორს, რომელიც სახელმწიფოს, კანონს და სამართალს უნდა წარმოადგენდეს. თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა. მინდა გკითხოთ, ამხანაგო გობეჯიშვილო, თქვენ დედა გყავთ, მას დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ, მინდა მიხვიდეთ და ჰკითხოთ დედას, რომ აი, ასეთი კაცი, როგორზეც მე აქამდე ვილაპარაკე, როგორ შეაფასებდა ამ კაცის, როგორც პიროვნებას? უბრალოდ მაინტერესებს.
ეს არ მინდა აღიქვათ, როგორც თქვენზე გაბრაზებული ადამიანის სიტყვა. თქვენ მთელი კარიერა წინ გაქვთ, ახალგაზრდა ადამიანი ხართ და მინდა, ამ სახელმწიფოს მოქალაქეები, თქვენ და მე ისე თანავცხოვრობდეთ, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ, ხანდახან გავცდეთ იმ ჩარჩოებს, რომელშიც ვიღაც ზემდგომები, ვაჟა ზაზაევიჩი და ვიღაცები გვაქცევენ. პასუხს რომ გაგცემთ თქვენი მშობელი, რა კაცია ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს გააკეთებს აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანთან, მერე სარკეში ჩაიხედეთ და უბრალოდ ეცადეთ, რომ ეგეთი ადამიანი მეორეჯერ ან უფრო მეტჯერ თქვენი კარიერის მანძილზე არასდროს დაგენახოთ.
ამას გისურვებთ. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით და მართლა კეთილი სურვილით მინდა გისურვოთ, რომ ისე გაგეგრძელებინოთ კარიერა, ასეთი ადამიანი, რომელზეც ახლა მე ვლაპარაკობდი სარკეში აღარასდროს დაგენახოთ. ამას მე მართლა, როგორც მეგობარი და კეთილისმსურველი, ისე გისურვებთ, თორემ ჩემზე კარგად იცით, თქვენ ამ წუთას, რა სიბინძურეში გაყენებენ თქვენი ზემდგომები, ვიღაც ვაჟა ზაზაევიჩი”, – განაცხადა გიორგი ახობაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე პატიმრობაში დატოვა.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.