ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ.
საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საქართველოსთან დაკავშირებით, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის“ და „ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია“.
„ერთი-ერთი რამ, რაც ესტონეთმაც შესთავაზა არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყება. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ხვალ გავაუქმებთ, მაგრამ საჭიროა დავიწყოთ ეს პროცესი იმისთვის, რომ ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი გავაგზავნოთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, საკუთარ ხალხს ატყუებს და მათ უნდა შეცვალონ კურსი“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მარგუს ცაჰკნამ ჟურნალისტებს.
კითხვაზე, რა რეალურ ნაბიჯებს უნდა ელოდოს ევროკავშირისგან ქართველი ხალხი, რომელიც 60 დღეა ქუჩაში დგას, მინისტრმა უპასუხა:
„ჩვენ არ გვჯერა იმის, რასაც საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება, არამედ ჩვენ მოწმე ვართ იმის, თუ რა ხდება რეალურად. იმედი მაქვს, გამოვნახავთ გზას, მეტი გადაწყვეტილებების მისაღებად საქართველოსთან დაკავშირებით“.