საპროტესტო აქციების ფარგლებში, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.
გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში მყოფების მხრიდან უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა, საქმე არსებითად განსახილველად კი სასამართლოს გადაეცა.
დაცვის მხარე საბა სხვიტარიძის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა და სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს სთავაზობდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა საბა სხვიტარიძემაც, რომელმაც პროკურორს მიმართა:
„ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, პოლიტიკური პატიმარი ვარ და ეს პროცესიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. პატარა იმედი მაქვს, რომ სასამართლო პატარა ლოიალობას გამოიჩენს. დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა ე.წ. „ტიტუშკა“, რომელსაც არანაირი ამომცნობი საშუალება არ ეკეთა, „კაპიუშონი” ეცვა, პირბადე ეკეთა, მან იძალადა ქალზე, გვაგინებდა, მე ის მოვიგერიე. ამის შემდეგ გამიტაცეს, იძალადეს ჩემზე და განყოფილებაში ორჯერ მაწამეს, ამის შემდეგ მკაცრი რეჟიმის იზოლატორში გამამწესეს. პოლიციელზე ძალადობა დამაბრალეს, რაც აბსურდია. თუ ვინმეა დამნაშავე, ის „ტიტუშკა“ მირიან ქავთარაძეა. ამ საქმეში დაზარალებულადაც მცნეს და არც ერთი პოლიციელი არაა დაკავებული.
ბატონო პროკურორო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, თქვენთან მყოფი ქალისთვის სახეში დაერტყათ, თავს დახრიდით და არაფერს მოიმოქმედებდით, გაატარებდით ქალზე ძალადობას და გინებას? სამწუხაროდ, ესაა თქვენი სამართალი.
მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს.
სასამართლოს ყოველი უსამართლო გადაწყვეტილებით, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს უქმნით საფრთხეს, ირანსა და ჩინეთში მიგვაქანებთ.
ეს არის დიქტატურა, ეს არის უსამართლობა. ახალგაზრდების ცხოვრების დანგრევისთვის და უკანონობის დაკანონებისთვის, არ ვიცი, რას გიხდიან, ან რით გაშინებენ, მაგრამ მოვა დრო და ხალხი გამოგიტანთ განაჩენს თითოეული თქვენი ქმედების გამო. დღეს მე შეიძლება დამაკავეს, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერთ, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და პოლიციური რუსული რეჟიმის წინაშე არ დაიჩოქებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზია ამაღლობელს“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე საბა სხვიტარიძემ.
ცნობისათვის, საბა სხვიტარიძე 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.
ვიდეო: „ბებო არაფერზე ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება“ – საბა სხვიტარიძის ბებია
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი