LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოკო შანელის საყვარელი ადგილები პარიზში

153

კოკო შანელს, რომელიც პარიზის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება, უამრავი საყვარელი ადგილი ჰქონდა საფრანგეთის დედაქალაქში, რომელთაც დღეს არა მხოლოდ მოდის, არამედ მოგზაურობის მოყვარულებიც ხშირად სტუმრობენ.

სასტუმრო The Ritz – ამბობენ, თითქოს შანელის და პარიზის „ურთიერთობა“ ყველაზე კარგად სასტუმრო The Ritz-ის სიყვარულში გამოიხატა, სადაც მოდელიორი 34 წელი ცხოვრობდა. ვანდომის მოედანზე მდებარე სასტუმროს ნომერი მეორე სართულზე, თავისი გალაქული კედლებით, მოოქროვილი ლომის ფიგურებით და ელეგანტური შირმებით, სარკეებით და შავ-თეთრი ფერებით – შანელისეული ესთეტიკის ყველა კანონის დაცვითაა გაფორმებული.

პარიზის მოდის კვირეულზე შანელის ნომერში დაბინავება 28 000 ევრო ღირს, იმ შემთხვევაში კი, თუ ნამდვილ დედოფლად გსურთ იგრძნოთ თავი, სასტუმრო ცნობილი ბრენდის პროდუქციით სახის მოვლისა და მასაჟის სრულ პაკეტს შემოგთავაზებთ.

Rue Cambon – თუ დიზაინერის „ნაკვალევს“ გსურთ გაჰყვეთ, მაშინ თანამად გაემართეთ Chanel-ის ფლაგმან მაღაზიაში Rue Cambon-ზე 31 ნომერში, რადგან Ritz-ში დაბინავებამდე,  სწორედ ამ შენობის პირველ სართულზე ცხოვრობდა ქალბატონი შანელი და აქვე აწყობდა მრავალრიცხოვან ჩვენებებსა და შეხვედრებს.

1935 წელს Rue Cambon-ზე  Chanel-ის ხუთი სახლი აშენდა და ქუჩაც ბრენდის თაყვანისმცემელთა შეხვედრის მთავარ ადგილად იქცა. მართალია, თავად მოდელიორის სახლის სტუმრობა, რომელიც ძველი ორიგინალური ავეჯითაა დეკორირებული, შეუძლებელია, მაგრამ ჯადოსნური ატმოსფეროს შეგრძნება ბრენდის ბუტიკებშიც თავისუფლად შეიძლება.  სხვათაშორის, შანელი მოდის სამყაროსა და ბიუთი-ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერი იყო, რომელმაც ჟასმინის, ზამბახის ფესვისა და ვარდის საკმაოდ რთული ნაზავის გამოყენებით, ჯერ კიდევ 1921 წელს შექმნა საკულტო არომატი Chanel № 5.

კაფე Angelina – ეწვიეთ კაფე Angelina-ს Rue de Rivoli-ზე, რომელსაც ხშირად სტუმრობდა თავად კოკო შანელი. 1903 წელს მოწყობილ მდიდრულ კაფეში უზარმაზარი სარკეებით, მაღალი ჭერითა და თაღებით, აუცილებლად ისიამოვნებთ ცხელი შოკოლადით და არაჩვეულებრივი, პრაქტიკულად საკულტოდ ქცეული Mont-Blanc-ის ფუნთუშებით.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები