სტატისტიკურ მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა პორტალმა Ranking Royals 2024 წლის მსოფლიოს ყველაზე „ჭკვიანი“ ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა.
კვლევა ისეთ ძირითად ფაქტორებს ეფუძნებოდა, როგორებიცაა: ტექნოლოგიური ინტეგრაცია, მდგრადობა, ინფრასტრუქტურა და ცხოვრების ხარისხი. რეიტინგზე გავლენა ასევე იქონია ქალაქების მიერ ინოვაციებზე ფოკუსირებამ, ეფექტურმა ურბანულმა დაგეგმარებამ და ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების ჩართულობამ.
რეიტინგში მსოფლიოს სულ 40 ქალაქი მოხვდა. უკვე მეხუთე წელია, რაც ციურიხი რეიტინგის ლიდერობას არ თმობს. ქალაქის ეფექტურად მართვისა და ქალაქში ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად აქ თანამედროვე ტექნოლოგიებს კვლავ წარმატებით იყენებენ.
ათეულში ასევე მოხვდნენ: ოსლო, კანბერა, ჟენევა, სინგაპური, კოპენჰაგენი, ლოზანა, ლონდონი, ჰელსინკი და აბუ-დაბი.