სოციალური მომსახურების სააგენტო ეხმაურება საქართველოს ძიძების ასოციაციის მიერ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ საქველმოქმედო განცხადებას, რომელშიც ასოციაცია ზუგდიდში ხაძრის შედეგად დაღუპული ორი ბავშვის ოჯახის, მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ წერს.
სააგენტოს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქრისტინე ბიაძესა და ბავშვებს შეჩერებული აქვთ სოციალური შემწეობა სახელმწიფოს ქულების დადგენილი წესის მიხედვით, სიმართლეს არ შეესაბამება.
„გემახსოვრებათ, ზუგდიდში ორი ბავშვის ხანძრით დაღუპვის ტრაგედია. ამ ეტაპზე ოჯახის მდგომარეობა კრიზისულია, ქრისტინეს სჭირდება გადაუდებელი ფინანსური დახმარება, რომ ბავშვები შიმშილისგან დავიცვათ“ – ძიძების ასოციაცია საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს
„ქრისტინეს და ბავშვებს შეჩერებული აქვთ სოციალური შემწეობა სახელმწიფოს ქულების დადგენილი წესის მიხედვით. ქრისტინე მუნიციპალიტეტისგანაც არ იღებს არანაირ დახმარებას“
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში „ფორტუნას“ განუცხადეს, საარსებო შემწეობის მიღება ოჯახს ერთი თვე შუეჩერდა, რისი საფუძველიც თავად ქრისტინე ბიაძის განცხადება გახდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე.
სააგენტოს ცნობით, ვინაიდან ოჯახი ახალი ქულის მინიჭების პროცესში იყო, კანონის შესაბამისად, ჩარიცხვა ვერ განხორციელდებოდა, თუმცა ახალი ქულების მინიჭების შეემდეგ, ოჯახს შემწეობა განაცდური თვით ჩაერიცხება.
„ქრისტინე ბიაძის ოჯახის სოციალური დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, აღნიშნულთან დაკავშირებით. ქალბატონი ირინას ოჯახი რეგისტრირებული იყო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ზუგდიდის რაიონში, 18.10.2023 წლიდან ერიცხებოდა საარსებო შემწეობა. 2024 წლის 26 დეკემბერს, ქრისტინე ბიაძემ მისამართის ცვლილების საფუძველზე განმეორებითი განაცხადით მიმართა სააგენტოს ქობულეთის სერვის ცენტრს, რაც კანონის მიხედვით ერთი თვით გასაცემლის შეჩერებას გულისხმობს. 2025 წლის 13 იანვარს შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“, შესწავლილ იქნა ოჯახის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობა, მიენიჭა ახალი ქულა, რის შედეგადაც ოჯახი კვლავ დარჩა თანხის მიმღებად. პროცედურის გათვალისწინებით ქალბატონ ქრისტინეს ოჯახს საარსებო შემწეობა განაცდური თვის ჩათვლით თებერვლის თვეში ჩაერიცხება.“ – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ცნობისთვის, 11 აგვისტოს ზუგდიდში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს, მცირეწლოვანი ტყუპი ძმების სიცოცხლე შეეწირა. ისინი ქობულეთში არიან დაკრძალული.