პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი Great Wall-ის სუბ ბრენდის ქვეშ გამოსულ ავტომობილებს გაუწევს პოპულარიზაციას.
ჩინურმა კომპანია Great Wall-მა თავისი მარკა Wey 2016 წელს წარმოადგინა, რომლის ქროსოვერებიც Haval-ზე მაღალი დონის იქნებიან. ჩინეთის ბაზარზე Wey-ს ქროსოვერები უკვე იყიდება. გარდა ამისა, მწარმოებელი გეგმავს ავტომობილები მთელს მსოფლიოში გაყიდოს, მათ შორის ბრენდი უკვე დარეგისტრირდა ევროპაში, შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში.
თავდაპირველად, Great Wall გეგმავდა Wey-ს გაყიდვები ევროპაში 2020 წლისთვის დაეწყო, ერთი წლის შემდეგ კი ამერიკის ბაზარზეც გასულიყო. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება უფრო აჩქარდეს. 2017 წლის შემოდგომაზე Wey-ს მოდელები ფრანკფურტის ავტოსალონზე იყო წარმოდგენილი, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ, მადრიდის რეალის ვარსკვლავთან, კრიშტიანუ რონალდუსთან გააფორმეს კონტრაქტი.
კონკრეტულ თარიღებს მწარმოებელი არ ასახელებს. ღონისძიებაზე, უბრალოდ დოკუმენტებს მოეწერა ხელი, ფეხბურთელმა კი ავტომობილი კამერების წინ დაათვალიერა. საუბარია მოდელზე Wey VV7.