LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაცია უფროსი ვაჟის შესახებ, რომელიც ლიეტუვის „ჟალგირისის“ მწვრთნელია: „შენს შვილს რომ სხვანაირად გაიცნობ, ეს შეგრძნება დამეუფლა… დავინახე, რა საოცარი პატივისცემა აქვს ჩემს შვილს გუნდის მენეჯმენტისგან…“

118
თიკა ფაცაცია

თიკა ფაცაციას უფროსი შვილი, ანდრო ანთელიძე, რომელიც ჯერ მხოლოდ 24 წლისაა, უკვე ლიეტუვის „ჟალგირისის” მწვრთნელია. უკვე სამი წელია, ანდრო ლიეტუვური გუნდის სამწვრთნელო შტაბშია, თუმცა თიკამ მხოლოდ ახლა გადაწყვიტა ამ ამბავზე აქცენტის გაკეთება და გარკვეული პერიოდის წინ მცირე სტატუსი გამოაქვეყნა, ვინაიდან სურდა, საქართველოშიც შეეტყოთ მისი ვაჟი წარმატებების შესახებ…

თიკა ფაცაცია:

ჩვენს ოჯახში კალათბურთი არის ნომერი პირველი სპორტი, მამაჩემმა დაიწყო, შემდეგ ჩემი ძმა თამაშობდა „ბარსაში“, საქართველოს ნაკრებში წლები აკეთა ბევრი საქმე და ბევრჯერ გვაზეიმა. ჩემი ძმის სანაკრებო თამაშები არც ერთხელ გამომიტოვებია. ავტომატურად, ანდრომაც დაიწყო კალათბურთზე სიარული. მერე მიხვდა, რომ მისი სხვა პოზიციაზე გადანაცვლება კარგი იქნებოდა. ძალიან უყვარს სპორტის ეს სახეობა და მოუნდა, რომ სამწვრთნელო მიმართულებით წავიდა. ჯერ საქართველოში გაიარა კურსები, შემდეგ ისეთ აზარტში ჩავარდა, რომ „ფიბას“ სამწვრთნელო კურსები გაიარა და გახდა „ფიბას“ ყველაზე ახალგაზრდა ასოცირებული მწვრთნელი. პარალელურად, ნაკრებშიც დაიწყო მუშაობა, 18-წლამდელების, მერე 20-წლამდელების მეორე მწვრთნელი იყო. ლიეტუვაში ვითარდებოდა მისი კარიერა. მესამე წელია, რაც იქაა. პირველი ორი წელი ლიეტუვის ახალგაზრდული გუნდის „ჟალგირისის“ მწვრთნელის ასისტენტი იყო. ეს კლუბი არის საოცრად საკულტო, ფაქტობრივად, ამით ცხოვრობს გულშემატკივარი და დაუჯერებელია ის მხარდაჭერა, რაც მას მთელი ლიეტუვის მასშტაბით აქვს. გუნდს 80-წლიანი ისტორია აქვს, ფანები ცალკე სანახაობაა, ისეთ ენერგიას აძლევენ მოთამაშეებს.

სექტემბრიდან ანდრო „ჟალგირისის“ მთავარი გუნდის მეორე მწვრთნელი გახდა. არ არის ეს ადვილი, ძალიან რთული გრაფიკი აქვთ. სულ მეგონა, რომ მოთამაშე ყველაზე მეტად იხარჯებოდა და იღლებოდა, ფიზიკური დატვირთვის გამო, ვარჯიშის თუ თამაშების დროს, როცა უფრო ღრმად ჩავიხედე, მივხვდი, რომ მოთამაშე რომ ასრულებს თამაშს, მწვრთნელი მაინც აგრძელებს მუშაობას და დაგეგმარებას. საერთოდ სხვანაირად დავინახე ეს ყველაფერი…

შენი შვილი როგორ დაინახე, რომელიც დამოუკიდებლად გადის საკმაოდ საინტერესო და რთულ გზას, მათ შორის, საზღვარგარეთ?

თავიდან შორიდან ვგულშემატკივრობდი, პირველად შარშან ჩავედი, რომ გამეცნო ის გარემო და ხალხი, სადაც მუშაობდა. ყველაზე მეტად, რამაც გამაოცა და დედის სიამაყე გამიღვიძა, თუ ეს სწორი სიტყვაა, ის არის, რომ დავინახე, რა საოცარი პატივისცემა აქვს ამ ახალგაზრდას გუნდის მენეჯმენტისგან. საოცრად მოტივირებული ტიპია. შენს შვილს რომ სხვანაირად გაიცნობ, ეს შეგრძნება დამეუფლა. მშობლებს სულ რაღაც არ მოგვწონს და სულ ვწუწუნებთ, იქ კი დამხვდა განსხვავებული ადამიანი, რომელზეც ზრუნავენ და უფრთხილდებიან, ეს კი ჩემთვის მნიშვნელოვანი და გულისამაჩუყებელია. თვითონ ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს. ვმსჯელობდით, რომ ჩვენი პროფესიები რაღაცით გგავს ერთმანეთს. სპორტიც და შემოქმედებითი სფეროც ადრენალინის დიდი წყაროა. ვეუბნებოდი, რა მაგარია, რომ შენი საქმიანობით ამხელა სიამოვნების მიღება შეგიძლია-მეთქი. რომ ჩავაკითხეთ, ჩვენთვის მოზომილი დრო ჰქონდა. სხვანაირი წესებია, გუნდი ერთად აკეთებს ბევრ რამეს, ამიტომ ხელი არ შეგვიშლია, როცა ეცალა, მაშინ ვხვდებოდით.

რა გეგმები აქვს, ამის შესახებ თუ გესაუბრება, რა არის მისი მიზანი?

რა თქმა უნდა, სურს, რომ მაღალი საფეხურით ჩაიბაროს გუნდები, მაგრამ ჯერ ათვისების პროცესშია. სულ სხვა რამაა უცხოური კალათბურთი, სხვა დისციპლინა და მზაობაა. ბევრი რამ არის დამოკიდებული მოთამაშის მომზადებასა და მწვრთნელებზე. დიდი ცოდნა შეიძინა. მიჰყვება იმას, რასაც ცხოვრება მისცემს და დაანახვებს.

შენ მცირე ასაკიდან ხარ სცენაზე და ყურადღების ცენტრში და კარგად იცი წარმატების ფასი. როგორ ფიქრობ, შენ მიეცი სტიმული, რომ წარმატებისკენ სვლის სურვილი გასჩენოდა?

ჩემთვის ამდაგვარი არაფერი უთქვამს, მაგრამ მგონია, რომ მას შრომის მაგალითი მივეცი. შრომა ძალიან მიყვარს. პატარა რომ იყო, ფიქრობდა, რომ მარტივი სამსახური მქონდა. ეს ბევრს ჰგონია, სხვათა შორის. ავუხსენი, რომ ასე არ არის, თუმცა მასაც უნდა მიეგნო ისეთი სამსახურისთვის, რომელიც სიამოვნების მიმნიჭებელი იქნებოდა მისთვის, სწორედ ასე იქნებოდა ბედნიერი. ეს საუბარი მახსენდება მასთან. ჩემს შვილებს ვცდილობ, რომ შრომა შევაყვარო, ანდროსაც არ ეზარება შრომა, ძალიან მნიშვნელოვანია, იღბალიც როგორ უწყალობებს.

გარეგნულად ანდრო ვის ჰგავს? ხასიათით?

არ ვიცი, მეც ვერ გავიგე, გარეგნულად ვის ჰგავს (იღიმის). როგორიც არის, ძალიან კარგი და საყვარელია. რაც შეეხება ხასიათს, ანდრო უფრო მეტად ლიდერია, ვიდრე მე. მე უნდა მომანიჭო ფუნქცია და იმას შევასრულებ, მაგრამ რაღაცის ლიდერი ვერ ვიქნები. გაკვირვებული ვიყავი, როცა გუნდს ხელმძღვანელობდა, 18 წლის ასაკიდან დაიწყო ეს საქმიანობა, ამიტომ მას ჩემზე მეტად აქვს ლიდერული თვისებები, უყვარს საკუთარ თავზე მუშაობა, სულ ავითარებს რაღაც უნარებს საკუთარ თავში.

შენი უმცროსი ბიჭებისთვის ანდრო გარკვეულწილად ეტალონი იქნება, არა?

როგორც მშობელმა, ვიცი, რომ შვილების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. ამას არასდროს ვაკეთებ. მათთვის ანდრო ანდროა, უფროსი ძმაა. მათთვის თიკაც დედაა და ჩვეულებრივი ამბავია. მინდა, რომ მათშიც ისეთი შრომელი ადამიანი აღვზარდოთ, როგორიც ანდრო გამოვიდა.

ანდროსთან დაკავშირებით რა მოლოდინებიც გქონდა, გაგიმართლდა თუ უფრო მეტიც მიიღე მისგან, როგორც მშობელმა?

არ ველოდი, რომ სპორტში ასე სერიოზულად ჩაერთვებოდა. ვფიქრობდი, რომ საზღვარგარეთ უნივერსიტეტში თუ ისწავლიდა, სპორტიც დაეხმარებოდა, გარდა ამისა, ეს უკავშირდებოდა ფიზიკურ აქტივობას, რაც ზოგადად კარგია. ანდროს ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული, ენები არაჩვეულებრივად იცის, იმდენად დიდი ინტელექტუალური მარაგი აქვს, მეგონა, სხვა კუთხით წავიდოდა. ახლა ვფიქრობ, რომ ცოდნას ყოველთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, მათემატიკა, რომელიც მაღალ დონეზე იცის, ვფიქრობ, ეხმარება მწვრთნელის საქმიანობაში. ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი, რაც ისწავლა, მწვრთნელობისას გამოადგა.

როგორი შეგრძნებაა, როცა მთელი ცხოვრება კომპლიმენტებს თავად იღებ, ახლა კი შვილის გამოც იმსახურებ?

ამაზე კარგი რა უნდა მოხდეს?! ჯერ მაინც მეშინია, რადგან არ მინდა დიდი ხმაური ამ თემის გარშემო. ბევრი რამის თქმა არ მინდა ხოლმე, მაგრამ იმდენი წელი აკეთებდა ამ საქმეს და მწყდებოდა გული, რომ საქართველოში მისი წარმატების შესახებ არავინ იცოდა. ამიტომაც დავწერე მცირე სტატუსი, ეს იყო ჩემი მოტივაცია. მივხვდი, რომ ქართველ სპორტულ ჟურნალისტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია. ისევ ასე ვრჩები, ცოტას ვამბობ და ცოტას ჩემთვისაც ვიტოვებ. პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საკუთარი საქმე იპოვა, რომელიც აბედნიერებს. თუ ამით წინ წავა კარიერული თვალსაზრისით და ეს ბედნიერების ქუდის ქვეშ იქნება, გამიხარდება, რადგან მთავარია ჩემი შვილის კარგად ყოფნა, უზომოდ ამაყი ვარ და ვიქნები, რომ ანდრო ძალიან ყოჩაღი ბიჭი გამოდგა.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g