85 წლის ციცო კამკამიძეს მაღალმთიანი იმერეთიდან დღეს უკვე ყველა იცნობს.
ხარაგაულის სოფელ საბედან გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ციცო ბებო დიდთოვლობას საკუთარი ძალისხმევით უმკლავდება და სახურავსაც კი უშიშრად თოვლავს, მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.
ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ, სრულიად უცნობი ადამიანების დადებით კომენტარებს, ახლა უკვე თავადაც ეცნობა, განცდილ ემოციებს კი „ფორტუნას“ მკითხველს უზიარებს.
„ყველას დიდი მადლობა გადაეცით ჩემი დაფასებისთვის, გისურვებთ, ორი ჩემი წელი იცოცხლეთ თქვენ… სახლი უკვე გადავთოვე, დაბლა ვეღარ გავჩერდი, ან რა გამაჩერდება, შრომას ისედაც მიჩვეული ვარ“, – ასე დაიწყო 85 წლის ციცო კამკამიძემ „ფორტუნასთან“ საუბარი.
ამბობს, რომ სიმამაცე და შრომის სიყვარული ობლად გაზრდილს ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოჰყვება. თეთრად დაფარულ სოფელ საბეში მზის ამოსვლას გაღვიძებას ასწრებს და დღესაც, გაუკვალავ თოვლშიც პირველ ნაფეხურებს ტოვებს.
შრომობს თავდაუზოგავად. ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში კი სიმღერა ეხმარება. სოფელში მარტო მცხოვრებს, მძიმე ფიზიკური საქმის შემდეგ, სიმღერის განწყობა ხშირად იპყრობს და როგორც თავად გვიყვება, უფრო მეტ სიმხნევესაც მმატებს.
„ლაღი ბავშვობა მე არ მქონია, მამა მე არ მახსოვს, დედამ ორი ბავშვი ობლად გაგვზარდა. ბავშვობიდან მოყოლებული სრულ შრომაში ვარ და ასე მომყვება სიმამაცე და სითამამეც, ხეებზეც დავძვრებოდი, ნიგვზებსაც ვბერტყავდი, რას არ ვაკეთებდი, ყველაფერს მიჩვეული ვარ.
ადრე ბევრი საქონელი მყავდა, ახლა ერთი ძროხა მყავს. იცით, წლებს მაინც თავისი მიაქვს… იმდენი ხომ აღარ შემიძლია, ხოდა, შევამცირე საქონელიც. მეტი ჯანი, რომ მქონდეს ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდი. ბავშვური ხალისი უნდა შეინარჩუნო და თუ ხალისი გაქვს, ყველაფერს გააკეთებ ადამიანი.
არ შეუშინდეთ სიბერეს, კეთილი გული უნდა ჰქონდეთ და ყველაფრის გაკეთების სურვილი გექნებათ.
მე აქ მეზობლები არ მაძლევენ სიბერის საშუალებას, ყველა მახალისებს, როგორც ბავშვს ისე მიყურებენ, მეც ბავშვივით აყოლილი ვარ მათ.


სიმღერა ბავშვობიდან მიყვარდა. გიტარაზე, ფანდურზეც ვუკრავდი, ახლა სიდუხჭირეს და დარდს, ყველაფერს წამღერებით გადავაყოლებ ხოლმე გულს. სიმღერა სიმხნევეს მაძლევს. თითქმის ყველა მომღერალს ვუსმენ და ყველა მიყვარს.
იმედიანად იყავით, გული არაფერზე გაიტეხოთ, თუ გული გულობს და სიზარმაცე არ დაგძლევთ გაუკეთებელი არაფერი დარჩება, ყველაფერს ეშველება, ახლა დიდი თოვლია, მაგრამ ეს თოვლიც მალე დადნება და გაზაფხული მოვა“, – ამბობს 85 წლის ციცო კამკამიძე „ფორტუნასთან“ და სოფელ საბედან მის მიერ შესრულებულ მორიგ სიმღერას, ამჯერად, სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის გვიგზავნის.
„ფორტუნა“ ციცო კამკამიძის ქალიშვილს, მანანა ბლუაშვილსაც ესაუბრა. სწორედ ის არის ავტორი ვიდეოებისა, რომელმაც საზოგადოებას ციცო ბებო გააცნო და შეაყვარა.
„გადაღება მას არ უყვარს, მაგრამ სამაგიეროდ, მე მიყვარს, თუ რამეა ყველაფერს ვიღებ, დედასაც ასე დავდევ და მერე მეუბნება – „კარგი გოგო, ნუ მოაბეზრე ხალხს თავი ჩემი ვიდეოებით“. ასეთ ამბავს თუ გამოიწვევდა [ვიდეოები] ნამდვილად არ მეგონა და მადლობა ხალხს.
ბებო და თოვლი❤ „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა, ნუ გეშინიათ, ხალხო, გავმაგრდეთ! ეს თოვლი მალე წავა, მალე მოვა გაზაფხული და ისევ კარგად ვიქნებით ყველა“… ❄ „ხომ დაგპირდათ ციცო, კიდევ ბევრჯერ ავალ სახურავზეო“ – წერს მანანა ბლუაშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს #fortunage
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025
რამდენიმე კომენტარი შემხვდა, ეწერა -„სად აგისვიათ ეს ქალი მანდ, რომ ჩამოვარდესო“, ძალით ასულს ჰგავს ახლა ეს ქალი? ამიტომ, ყველას ვთხოვ, თავი შეიკავეთ ნეგატიური კომენტარებისგან, რადგან ეს ვიდეოები ძალიან პოზიტიური, თბილი შინაარსისაა და პირიქით, დედაჩემს მხნეობას და ჯანმრთელობას თუ უსურვებენ, გაგვიხარდება“. – უთხრა „ფორტუნას“ მანანა ბლუაშვილმა.