აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე წარადგინა.
ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ დარწმუნებულია, ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, აჭარაში კულტურაში არაერთი პოზიტიური სიახლე განხორციელდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება არსებული განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც ფუნქციონირებას დამოუკიდებლად გააგრძელებს.
აჭარას ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი კულტურის სფეროში. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად მომხდარიყო ამ სფეროს გაძლიერება. ბოლო წლებში არაერთი მიღწევა გვაქვს კულტურის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება.
მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი, მინისტრი, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ქალბატონი ელისო ბოლო წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში. ის გახლდათ კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, ასევე, ის გახლავთ „იუნესკოს“ მშვიდობის ელჩი. მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ასევე, პარიზის უმაღლეს სახელოვნებო სკოლაში. ის გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი და დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით კულტურაში არაერთი პოზიტიური, დადებითი სიახლე გვექნება აჭარაში.
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კულტურის სფეროს ხელმძღვანელობდა. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული სამუშაოსთვის და იმ შედეგებისთვის, რაც გვაქვს. ქალბატონი მაია გააგრძელებს როგორც განათლების, ასევე სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ფოტო სლაიდზე: აჭარის ტელევიზია