LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქპატენტი – საქართველო ჟენევის აქტს შეუერთდა

107
საქართველო

საქართველო „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტს“ (შემდგომში – ჟენევის აქტი) შეუერთდა. აქტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 18 მარტს დაუჭირა მხარი. შედეგად, ქართული უნიკალური პროდუქტების დაცვის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცვა ჟენევის აქტის შემკვრელი 23 სახელმწიფო და 2 მთავრობათაშორისი ორგანიზაცია – ევროკავშირი და აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყება.

ჟენევის აქტი მიღებულია 2015 წელს ქ. ჟენევაში „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების“ მოდერნიზების მიზნით და ძალაში შევიდა 2020 წლის 26 თებერვალს. თავად ლისაბონის შეთანხმება წარმოადგენს მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელებების მარეგულირებელ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც არ ვრცელდება გეოგრაფიულ აღნიშვნებზე. ჟენევის აქტით კი ხელშემკვრელ მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა, ადგილწარმოშობის დასახელებებთან ერთად, ახალ მნიშვნელოვან ბაზრებზე გაავრცელონ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაც.

ჟენევის აქტთან მიერთებით საქართველოს გაუჩნდა შესაძლებლობა, გამართული და მოქნილი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის საშუალებით დაიცვას როგორც რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები, ისე გეოგრაფიული აღნიშვნები.

გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას კონკრეტული პროდუქტის წარმომავლობასა და იმ უნიკალურ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია მის წარმოშობის ადგილთან, იქ არსებულ გარემო პირობებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულ წარმოების ტრადიციულ ცოდნასთან, რაც, საბოლოო ჯამში, ხდის თითოეულ ასეთ პროდუქტს გამორჩეულსა და უნიკალურს.

დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 39 ადგილწარმოშობის დასახელება და 31 გეოგრაფიული აღნიშვნა. მათ შორისაა, მაგალითად, ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები: ხვანჭკარა, წინანდალი, ახაშენი; მინერალური წყლები: ნაბეღლავი, საირმე, ბორჯომი; გეოგრაფიული აღნიშვნები: ქვევრი, ჭაჭა, ჩურჩხელა, სულგუნი და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g