პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს დედა, ლიკა გუნცაძე საჯაროდ მიმართავს.
ლიკა გუნცაძე წერს, რომ შვილის გარეშე ძალიან უჭირს, თუმცა ზუსტად იცის, რომ უსამართლობას მოერევიან:
„ანდრუშკა, შენ ხარ ჩემი სიცოცხლე! სიამაყე! ძალიან მიჭირს უკვე უშენობა! ზუსტად ვიცი, რომ ამ უსამართლობას მოვერევით! ძალას ვიკრებ და მთას გადავდგამ! იცოდე, რომ გვერდში დიდი ჯარი გიდგას მეგობრების, რომლებიც იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ! ეგ სხივი არ დაკარგო თვალებში და მომეცი ძალა!!!“ – წერს ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში.
ანდრუშკა შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!სიამაყე! ძალიან მიჭირს უკვე უშენობა! ზუსტად ვიცი რომ ამ უსამართლობას მოვერევით ! ძალას…
Posted by Lika Guncadze on ოთხშაბათი, 26 მარტი, 2025
შეგახსენებთ, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.