“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებას ტაქსისტების რეგულაციებთან დაკავშირებით სკანდალი მოჰყვა.
უამრავი კრიტიკული კგამოხმაურების შემდეგ, ეკა ლალიაშვილი განმარტავს, რომ ტაქსის მძღოლის ნასამართლეობის საკითხზე საუბრისას, მხოლოდ მძიმე დანაშაულს გულისხმობდა, რაც შესაძლოა, მგზავრისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
“ტაქსების ლიცენზირების ერთ-ერთ ნაწილად მძღოლების მიმართ გარკვეული სტანდარტების მოთხოვნა მნიშვნლოვანია. მღელვარება და გაურკვევლობა გამოიწვია მძღოლის ნასამართლეობის საკითხმა რაც ალბათ ჩემი მხრიდან დაზუსტებას საჭიროებს.
იგულისხმება მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლეობა, რაც შესაძლოა საშიში იყოს მგზავრისთვის. ნასამართლეობა გაუპატიურებაზე, ყაჩაღობაზე და სხვა.
ეს რეფორმა უნდა ემსახურებოდეს გზებზე უსაფრთხოების ამაღლებას და ვფიქრობ ტაქსით მომსახურების სფეროში დროა ეტაპობრივად ისეთი რეგულაციბის დაწესება, სადაც გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვექცევით. აღარ გავიგონებთ რომ მძღოლმა გააუპატიურა, დააყაჩაღა, შეურაცხყო!” – წერს ეკა ლალიაშვილი.
ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის. ასევე, უნდა არსებობდეს ცხელი ხაზი, სადაც მგზავრი დარეკავს და მიაწვდენს ხმას მარეგულირებელს, – ეს ეკა ლალიაშვილის ის განცხადებაა, რომელსაც დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა, ეს სიტყვები დისკრიმინაციად შეაფასა. ნაწილმა აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანა ახორციელებს მსჯავრდებულების რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით ნამდვილად ხორციელდება სასიკეთო ცვლილებები, ეს განცხადება საფრთხისშემცველია.