როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს 7 ახალი წევრი ჰყავს. წელს ეს პატივი პერფორმერთა კატეგორიაში ისეთ შემსრულებლებსა და ბენდებს ხვდათ წილად, როგორებიც არიან:
- ჩაბი ჩეკერი
- ჯო კოკერი
- სინდი ლუპერი
- The White Stripes
- Bad Company
- Outkast
- Soundgarden
ინფორმაცია ამის შესახებ American Idol-ის 23-ე სეზონის ლაივისას, რაიან სიკრესტმა გაასაჯაროვა. ცნობისთვის, 27 აპრილის შოუზე, კონკურსანტებმა დარბაზში შესული სხვადასხვა მუსიკოსისა და კოლექტივის ჰიტები შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ წელს საერთო ჯამში თემატური კატეგორიის 14 პრეტენდენტი დასახელდა, რომელთა შორის რვამ ნომინაცია პირველად, ხოლო ექვსმა მეორედ მიიღო.
მუზეუმში შესაყვანად ასევე ისეთი არტისტებისა და ბენდების კანდიდატურა განიხილებოდა, როგორებიც არიან: მერაია ქერი, ბილი აიდოლი, The Black Crowes, Joy Division/New Order, Maná, Oasis და Phish.
აღსანიშნავია, რომ ქერიმ და ,,ოაზისმა” ნომინაციები დარბაზის წევრობაზე გასულ წელსაც მიიღეს.
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია, 8 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი 1986 წელს, განსაკუთრებით როკ ინდუსტრიაზე დიდი გავლენის მქონე მომღერლების, პროდიუსერების და მუსიკაში სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების ისტორიების შესანახად დაფუძნდა. დადგენილი წესის მიხედვით, დარბაზში მოსახვედრად, არტისტების კანდიდატურა სადებიუტო ნამუშევრის გამოსვლიდან, მინიმუმ 25 წლის შემდეგ განიხილება.