ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ თბილისის ქუჩებში კოკაინის სახელით იყიდება ნარკოტიკული საშუალება, რომელმაც უკვე არაერთი ზედოზირების შემთხვევა და ლეტალური შედეგი გამოიწვია.
მისი თქმით, რეალურად მომხმარებლებს კოკაინის ნაცვლად აწვდიან სხვა ქიმიურ ნაერთს, რომელშიც შესაძლოა შედიოდეს ფენტანილი და მეტადონის კრისტალური ფორმა — ნივთიერებები, რომელთა ნარევი განსაკუთრებით მომწამვლელია და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
„მეგობრებო, მსურს მოგაწოდოთ მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ბოლო დღეებში ქალაქში იყიდება ძვირადღირებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იყიდება კოკაინის სახელით. თუმცა, როგორც ირკვევა აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა, მათ შორის ლეტალური.
არსებული ეჭვის მიხედვით, რეალურად არ არის კოკაინი – სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მეტადონის კრისტალისა და ფენტანილის ნარევთან, რაც უკიდურესად საშიშია სიცოცხლისთვის.
გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ და გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის სიცოცხლეს“, — აღნიშნავს ექიმი ნარკოლოგი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.