LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე შიო: იგი არის გამარჯვების სიმბოლო, ამიტომ თუ გვინდა, ვიყოთ გამარჯვებული, აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ ბოროტებას, პირველ რიგში, ჩვენს სულში ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ვნებებს

134
Capture

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გიორგობის დღესასწაულზე ქადაგებისას აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი გამარჯვების სიმბოლოა და მისი მფარველობის მისაღებად აუცილებელია ბოროტებას ჯერ ჩვენს საკუთარ სულში ვებრძოლოთ — ცოდვებსა და ვნებებს, ასევე – ჩვენს ხალხში გავრცელებულ ცოდვებს.

მეუფემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წმინდანები ცოცხალი არიან ეკლესიის წიაღში და წმინდა გიორგი განსაკუთრებული მფარველია ქართველი ერისთვის.

„წმინდანები ჩვენთვის არ არიან მხოლოდ ისტორიული გმირები, არამედ სულიწმინდის ძალით, როდესაც ვეცნობით მათ ცხოვრებას, ვეხებით მათ ღვაწლს ლოცვის მეშვეობით, შევდივართ მათთან რეალურ კავშირში, ვამყარებთ ამ კავშირს.

წმინდა დიდმოწამე გიორგი მხოლოდ მსოფლიო ეკლესიაში არ არის განდიდებული, არამედ მას განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ცხოვრებაშიც. ჩვენი გაქრისტიანებიდან მოყოლებული ქართველი ხალხი ევედრებოდა წმინდა გიორგის ყველაზე მძიმე წუთებში, განსაკუთრებით – ომიანობის დროს. წმინდა გიორგი ლოცულობდა ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ერისთვის ღვთის წინაშე და ჩვენი ხალხი იღებდა იმას, რასაც ითხოვდა და უფალი წმინდა გიორგის ლოცვით აძლევდა ჩვენს ერს, ჩვენს მხედრობას, ჩვენს ხალხს გამარჯვებებს.

შეიძლება იმანაც განაპირობა ჩვენი ასეთი სიყვარული წმინდა გიორგისადმი და მისი ასე განსაკუთრებულად გამოვლენილი მფარველობა, რომ იგი იყო კაპადოკიელი. როგორც იცით, ცნობილია, რომ კაპადოკიაში ქართული ტომი სახლობდა. მაგალითად, იყო ასეთი ძალიან დიდი და ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ძველი დროის ისტორიკოსი და მწერალი იოსებ ფლავიუსი, რომელიც ეხება ქართველ ტომებს, მათ შორის, იბერებს და წერს ასეთ რამეს, რომ მოსოხები, რომელთა მამამთავარიც იყო მოსოხი, ამჟამად კაპადოკიელებად იწოდებიანო. ბევრი მეცნიერის აზრით, ეს მოსოხები ან მოსოხენები იგივე მესხებია.

ასე რომ, ჩვენ დღესაც ვევედრებით წმინდა გიორგის, რომ დაიფაროს ჩვენი სამშობლო, დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისგან, დაგვიცვას. როგორც იცით, იგი არის გამარჯვების სიმბოლო, ამიტომ თუ გვინდა, ვიყოთ გამარჯვებული, რომ შეგვეწიოს წმინდა გიორგი, აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ ბოროტებას, პირველ რიგში, ჩვენს სულში ჩვენს ცოდვებს, ჩვენს ვნებებს, ასევე – ჩვენს ხალხში გავრცელებულ ცოდვებს. ეს შემართება უნდა გვქონდეს და მაშინ წმინდა გიორგის შეწევნაც უფრო ძლიერი იქნება, ჩვენც ვიქნებით გამარჯვებული და საქართველოც იქნება უძლეველი და გამარჯვებული.

კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს, მამა ავგუსტინე, თქვენ, ამ ტაძრის სამრევლოს განსაკუთრებით გილოცავთ. ძალიან მიხარია, რომ თქვენი სამრევლო დიდ როლს ასრულებს ჩვენი ეპარქიის ცხოვრებაში, განსაკუთრებით, განათლების თვალსაზრისით. ასე რომ, მინდა, მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ თქვენი სიყვარულისთვის, ერთგულებისა და ერთობლივი ლოცვისთვის.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, წმინდა გიორგიმ დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, წმინდა გიორგის ლოცვით და მადლით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ”, – განაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g