საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში გაასაღეს, ჯამში, 188 900 აშშ დოლარის ოდენობის 1889 ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.