ვროცლავი – ერთ-ერთი ყველაზე ძველი და თვალწარმტაცი პოლონური ქალაქია. ყველა აღნიშნავს ბაროკოსა და გოთიკის არქიტექტურით დამშვენებულ ძველ ქალაქს, ასევე მრავალრიცხოვან ხიდებსა და არხებს, რომელიც აქ უფრო მეტია, ვიდრე ბრიუგეში. ვროცლავი სტუდენტური ქალაქია, ამიტომ აქ ბევრი ახალგაზრდაა, ცენტრში ბევრი ბარი, დისკოთეკა და სხვა გასართობი დაწესებულებაა.
ვროცლავში ჩასვლა ჩვენგან პრობლემა არ არის, რადგან ქუთაისიდან ამ ქალაქში პირდაპირი რეისები სრულდება (ხუთშაბათობით და კვირაობით).
ვროცლავში კი აეროპორტიდან (კოპერნიკის სახელობისაა) ქალაქში ტაქსით შეიძლება მისვლა ან №406 ავტობუსით. ის ქალაქის ცენტრში მიდის და 0.7 ევრო ღირს. ღამის საათებში აეროპორტიდან ქალაქში №249 დადის.
ტრანსპორტი ქალაქში
საქალაქო ტრანსპორტი წარმოდგენილია კერძო და მუნიციპალური ავტობუსებით, ასევე ტრამვაით. ტრამვაი მრავალფეროვანია, არის როგორც უახლესი მანქანები, ასევე ძველი, მაგრამ ხასხასად შეღებილი და გამართული. გარდა ამისა, ტრამვაის ნაწილი ჩასულებისთვის ტურისტულად არის მოწყობილი და საექსკურსიო მარშრუტით დადის. ერთ-ერთს „იულიუში“ ქვია, პოეტ იულიუშ სლოვაცკის საპატივსაცემოდ.
ქალაქში ველოსიპედების იჯარით აღებაც შეიძლება საათში სულ რაღაც 2 ევროდ. რომანტიკა თუ მოგინდათ, საწყლოსნო სეირნობა მოიწყვეთ ოდრაზე. გონდოლა 5 ევროა საათში ან თბომავლით გაისეირნეთ (3-5 ვრო).
სამზარეულო და რესტორნები
ვინც არ ყოფილა მარან Świdnicka-ში, არ ყოფილა ვროცლავში – სწორედ ასე ამბობენ ადგილობრივები. ევროპის ამ უძველეს რესტორანში ფასები სულაც არ იკბინება, 20 ევროდ შეიძლება იმდენი მიირთვათ, რომ ადგომა გაგიჭირდეთ. აი ატმოსფერო კი მართლაც დაუვიწყარია.
ლუდის მოყვარულები უნდა მივიდნენ Spiz-ში. ამ საქმის მცოდნეები ამტკიცებენ, რომ იქვე მოხარშული ლუდი არაფრით ჩამოუვარდება ბელგიურ-ჰოლანდიურებს.
საერთო ჯამში, ბარები, კაფე-რესტორნები ყველა კატეგორიის ვროცლავში უამრავია. ამიტომ ყველას შეუძლია საკუთარი გემოვნებით რაიმე მოძებნოს.
შოპინგი და მაღაზიები
როგორც ტურისტებისთვის პოპულარულ ქალაქებში ვროცლავშიც ბევრი სუვენირების მაღაზიაა, რომლებიც ძირითადად საფეხმავლო ნაწილშია თავმოყრილი. აქ ეროვნული კოლორიტით მრავალფეროვანი საჩუქრებისა და სუვენირების ყიდვა შეიძლება.
მათ შორის გამოირჩევა „ჯუჯების მოსაძებნი კომპლექტი“.
თუ უფრო სერიოზული შოპინგი გინდათ, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში გაეშურეთ – „ცენტრუმ კორონა“, „გრუნვალდის პალასი“ ან „დომინიკანების გალერეა“.
ქალაქში შემდეგი შეზღუდვები მოქმედებს
აკრძალულია მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში;
აკრძალულია ალკოჰოლის გამოყენება საზოგადოებრივ ადგილებში, განსაკუთრებით პარკებში, მაღაზიებთან და რკინიგზის სადგურში;
ავტომობილით გადაადგილება თუ მოგიწიათ – ღვედები უნდა გაიკეთოთ და ფარები ჩართოთ. მოძრაობა მარჯვენა მხარესაა.
მაქსიმალური სიჩქარე ქალაქში 50 კმ/სთ-ია. დასახლებულ პუნქტებში 23:00-05:00 სთ – 60 კმ/სთ.
ვროცლავის ხიდები
ხიდები – ხელოვნების, ტექნიკისა და არქიტექტურის ძეგლებია. ვროცლავში ასზე მეტი ხიდია, ისინი ერთმანეთს მულტიკულტურული ქალაქის 12 კუნძულს აერთებს.
შეყვარებულების ბოქლომები ტუმის ხიდზე
ოლავის ხიდი
გრუნვალდის ხიდი
ზვერინეცკის ხიდი
რენძისკის ხიდი
ქვიშის ხიდი
მშვიდობის ხიდი
ალაოს ხიდი
ბარტოშოვიცის ხიდი
გართობა და ღირსშესანიშნაობა
წმინდა ელჟბეტის ეკლესია, იაშისა და მალგოშის სახლი, რატუშა, ძველი ქალაქის სახლები…
აუცილებლად მოინახულეთ კუნძული ტუმი და ვროცლავის სხვა კუნძულები, გაისეირნეთ ხიდებზე, ბოტანიკურ ბაღში და სხვა ულამაზეს პარკებში, მოიწყვეთ ღამის ექსკურსია ზოოპარკში, ეწვიეთ ეროვნულ მუზეუმს და რაცლავის პანორამას დეტალებში დააკვირდით. საღამო ხანს კი ჩამოსხედით ევროპაში ყველაზე დიდ მომღერალ შადრევანთან.
ვროცლავის ჯუჯები [ვიდეო]
ვროცლავი ჯუჯების საცხოვრებელი ადგილია. პატარა ბრინჯაოს ქანდაკებებს ქალაქის ქუჩებში შეხვდებით. ისინი ბურთს თამაშობენ, სარეცს რეცხავენ, ფარანის ბოძიდან შეიძლება ხელშიც ჩაგახტეთ და ყველანაირად იქცევენ ყურადღებას.
„იპოვე ჯუჯა“ – ერთ-ერთი ტურისტული ატრაქციონია. ქალაქის სიმბოლოს ჯუჯების ყოველი ფიგურა უნიკალურია თავისი სახელით, პროფესიითა და ბიოგრაფიით.
კუნძული ტუმი
ტუმის კუნძული ვროცლავის უძველესი ნაწილია. უნიკალური ძველი ადგილი, რომლის ისტორია მე-14 საუკუნეში დაიწყო. კუნძულის ცენტრისკენ მიმავალ გზაზე დატკბებით რენესანსის სტილის ძველი შენობებით, ეპისკოპოსების სასახლითა და მთავარი – წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი. ის გახლავთ გოთიკური არქიტექტურის შესანიშნავი შედევრი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სილეზიაში. მისი ისტორია 10 საუკუნის წინ დაიწყო.
თუ მუზეუმები გიყვართ, არქიეპისკოპოსის მუზეუმს ეწვიეთ, სადაც ინახება ეტრუსკული, ეგვიპტური და ბერძნული საინტერესო ექსპოზიციები.
შემდეგ ტუმის ხიდზე გადასვლით ძველ ქვიშის კუნძულზე (Wyspa Piasek) გადახვალთ.
აქ ნახავთ 600 წლის წინ აგებულ ძველ გოთიკურ ეკლესიას, წისქვილს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას. ოდრაზე გადასასვლელი ხიდის გადავლით დუნიკოვსკის ბულვარზე (Boulevard Xdunikowskiego) გახვალთ და პარკის გავლით დამცავ ბასტიონთან მიხვალთ, საიდანაც კუნძულზე ლამაზი პანორამა იშლება.
ოდნავ გვერდზეა გონდოლის ყურე, სადაც ნავის ქირაობა და ოდრაზე გასეირნება შეგიძლიათ.
შემდეგ გაემართეთ ვროცლავის ერთ-ერთ უძველეს ბაზარში – Nowy Targ.
Crozdka-ის ქუჩაზე უნივერსიტეტია, ნახავთ ბაროკოს სტილის წმინდა იესუსის ეკლესიას და მიხვალთ ძველ სასაკლაომდე (Jatki). ეს გახლავთ ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ხორცით ვაჭრობისთვის ჩამოყალიბებული სავაჭრო რიგები. ამჟამად აქ ნავსაყუდელი მხატვრებმა და სამხატვრო გალერეებმა იპოვეს.
გვერდით მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზილიკა (წმინდა ელიზაბეტის). Świętego Mikołaja ქუჩის კვეთაზეა ძველი არსენალი. 1459 წელს აგებული ეს შენობა თავისებურად ევროპის ამ ნაწილში უძველესი შენობაა.
მორიგი ღირსშესანიშნაობაა სამეფო სასახლე (მე-18 ს), სადაც ამჟამად რეგიონალური მუზეუმია.
ჯერ კიდევ 1945 წლის მაისში ვროცლავს ბრესლაუ ერქვა და პოლონეთს არ ეკუთვნოდა.
9 მაისი, რომელიც პოლონეთში დღეისათვის ”კომუნისტური ტირანიის” დასაწყისადაა მიჩნეული, ამავდროულად გერმანული მიწების მიერთების თარიღიცაა.
1945 წლის 9 მაისს პოლონეთმა მიიღო შემდეგი მსხვილი გერმანული ქალაქები:
გდანსკი, ბრესლაუ (ამჟამად ვროცლავი), ლეგნიცა, შეცინი.
მითიური ვროცლავი
ადგილობრივები ხუმრობენ, რომ ვროცლავი ისტორიის 1000 წელს და ტრადიციების 50 წელს ითვლის, აქ მრავალ ლეგენდას შეხვდებით. მაცხოვრებლებმა თავიანთი საქალაქო ლეგენდები შექმნეს მიწისქვეშა ქალაქზე, ჯუჯებზე, ექსცენტრიულ და უცნაურ ადამიანებზე.
აი ვროცლავის მისტიური ადგილები.
რკინიგზის სადგური მოიცავს ლეგენდებს და ისტორიას ნაცისტების გვირაბებსა და ბუნკერებზე საიდუმლო იარაღითა და საგანძურით.
ჯუჯების შადრევანი თეატრალურ მოედანზე ჯუჯების ისტორიას ეძღვნება, რომლებიც ლეგენდის თანახმად ქვედა სილეზიის დედაქალაქის მიწისქვეშ სახლობენ.
მოდერნის სტილის სასტუმრო მონოპოლია, სადაც ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა – ადოლფ ჰიტლერი, პიკასო და სხვები.
წმინდა ელიზაბეტის ბაზილიკა – გადმოცემის თანახმად ჯვაროსნების მაგისტრმა ის ბანქოში წააგო და პროტესტანტებს გადასცა.
წისქვილის სამხრეთ ხიდი (Most Młyński Południowy) – ამ ხიდზე ინკვიზიციის დროს წყლის ცდები მიმდინარეობდა. ჯადოქრობაში დადანაშაულებურ ქალებს წითელ ლაბადაში ახვევდნენ და ოდრაში ყრიდნენ.
წმინდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარი – ალბათ ვროცლავის ყველაზე ლეგენდარული ადგილი. ყველაზე ცნობილი ლეგენდა ქვის თავთან არის დაკავშირებული. ისტორია ამბობს, რომ ახალგაზრდა ქარგალს იუველირის ქალიშვილი შეუყვარდა. მაგრამ რადგან ის მდიდარი არ იყო, იუველირმა უარი თქვა. ახალგაზრდამ ქურდობა და ძარცვა დაიწყო. როდესაც გამდიდრდა ხელახლა ითხოვა ქალის ხელი. იუველირი მიხვდა საიდან ქონდა ქონება და გააგდო. მრისხანებაში მოსულმა შურისძიების მიზნით იუველირის სახლი დაწვა და ხანძარს ტაძრის კოშკის პატარა სარკმლიდან უყურებდა. სასჯელმა აქ მაინც მიაგნო. ტაძრის კედელი მის კისერზე შეიკრა, ხოლო თავი გაქვავდა, რაც ყველასთვის გაფრთხილება გახდა ვინც ასეთი მრუდე გზით ივლიდა.