მუსიკოსი და მომღერალი შაბან მამედოვი სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც დისკრიმინაციაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ის პოზიტიური დისკრიმინაციის ობიექტი გამხდარა.
„დიახ. მე ხშირად მქონია ასეთი შემთხვევა, როცა გავხდი პოზიტიური დისკრიმინაციის ობიექტი. როდესაც ტრანსპორტში ადგილი დაუთმია ასაკით ჩემზე უფროსს. დიახ მე მაქვს თვალის პრობლემა, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ხელი მეჭიროს ტრანსპორტის სახელურზე.
სკოლაში იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ასაკით უმცროსმა ბავშვმა თქვა – ეს სკოლა ბრმებისთვის არ არის, აქ რა უნდა. იმ მომენტში მეწყინა, მაგრამ როცა გავიზარდე მივხვდი, რომ ყურადღების ცენტრში არ უნდა მოვაქციო ეს საკითხი“, – ამბობს შაბან მამედოვი.
დამოუკიდებლობის დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტზე შაბან მამედოვმა ანრი ჯოხაძესთან ერთად [გუნდის თანხლებით] „საქართველოო ლამაზო“ იმღერა. აღნიშნულ შესრულებას მსმენელის უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.
შაბან მამედოვი ანრი ჯოხაძესთან სიმღერას სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბავშვობის ოცნება რეალობად ექცა.