წითელი, გრძელი, წვეტიანი… სწრაფი. დიახ. ფერარი ასეთია. მაგრამ არსებობენ ცოტა სხვანაირებიც. მაგალითად ისეთი, რომელიც საპნის ფორმას უფრო მოგაგონებთ.
დიახ, ავტოსთორი წარმოგიდგენთ „ფერარის” რომლის დანახვაზე ბევრს შეიძლება გული შეუწუხდეს. ამდენი შუშა და საპონივით გარეგნობა „ფერარისთვის” სულაც არაა დამახასიათებელი , მაგრამ ის არსებობს – დიახ, არსებობს და ახლა იყიდება კიდეც.
შევეშვათ გარეგნობას – ეს „ფერარი” პირველ რიგში იმითაა საინტერესო, რომ ერთადერთია. საბედნიეროდ, ერთადერთია! რატომ საბედნიეროდ? იმიტომ, რომ Testa D’Oro Colani სილამაზის კონკურსზე ნაღდად ვერ გაიმარჯვებდა! ის სრულად და მხოლოდ სისწრაფეზეა ორიენტირებული და სხვა, ბევრისთვის უფრო მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მოგებული.
ეს არის მანქანა, რომელიც დიზაინის ექსცენტრიკმა, ლუიჯი კოლანიმ 1989 წელს შექმნა და იმდენი მოახერხა, რომ ეს „ფერარი” თავის დროზე ყველაზე სწრაფი „ფერარი” იყო! 1991 წელს ამ მანქანამ იუტაში (აშშ) ზუსტად 351 კმ/სთ განავითარა!
შედარებისთვის: მაშინ „ფერარის” ყველაზე სწრაფი სერიული მოდელი F40 გახლდათ, რომელიც 325 კმ/სთ-ს ახერხებდა. და თვით შემდგომი მოდელი, F50-იც (1995) კი არ იყო Testa D’Oro Colani-ზე სწრაფი.
ლუიჯის მიერ გადაკეთებული „ფერარი” თავის დროზე Ferrari Testarossa იყო, მაგრამ ამ პატივცემულმა დიზაინერმა ინტერიერზე და ექსტერიერზე ისე რადიკალურად იმუშავა, რომ ფაქტობრივად ძველი აღარაფერი დატოვა. თვით Testarossa-ს 12-ცილინდრიანი და 390-ცხენისძალიანი ძრავაც კი გადაამუშავეს და სიმძლავრე თითქმის გააორმაგეს – 750 ცხენის ძალა!