20 ნოემბერს ავტორადიოს ეთერით, საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ზოდიაქოს ნიშნების შიშებსა და ფობიებზე ისაუბრა.
რეტრომერკურის პერიოდი (17 ნოემბერი – 7 დეკემბერი)
17 ნოემბერს რეტრომერკურის პერიოდი დაიწყო ანუ აზროვნებისა და კომუნიკაციაზე პასუხისმგებელმა პლანეტამ უკუღმა დაიწყო ბრუნვა, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა ადამიანებს შორის ურთიერთობა და საერთო ენის მოძიება.
ზოგადად, ასტროლოგიაში ყველა პლანეტას გარკვეული დატვირთვა და გავლენის სფერო აქვს. მერკური კომუნიკაციაზე, შუამავლობასა და ინფორმაციის გაცვლაზე აგებს პასუხს და რადგან ახლა რეტროგრადულ მდგომარეობაშია, პერიოდი 7 დეკემბრამდე ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მეტ-ნაკლებად რთული იქნება – პრობლემები შეიქმნება კომუნიკაციაში, დაირღვევა ხელშეკრულებები და შეთანხმებები. უმჯობესია ამ პერიოდში თავი შევიკავოთ ახალი საქმის დაწყებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებისგან, თუმცა თამამად შეგიძლიათ დაასრულოთ ძველი პროექტები და მოაწესრიგოთ პრობლემები, მოაგვაროთ უთანხმოება ახლობლებთან და აღადგინოთ ძველი ურთიერთობა, რადგან სწორედ ახლა გაქვთ საუკეთესო შანსი, მეორე ცდით მაინც მიიღოთ სასურველი შედეგი.
აღსანიშნავია, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში ყველა დაპირება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გასცეთ და მიიღოთ, რადგან მერკური მისთვის ნაკლებად კომფორტული მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანშია, რომელიც დემაგოგიით, ვარდისფერი კოშკების შენებით ხასიათდება და ძალიან უყყვარს დაპირებების გაცემა, რომელთაც არასდროს ასრულებს.
შიშებისა და კომპლექსების მმართველი სატურნი
რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს რაღაცის ეშინია, თუმცა ზოგჯერ ამგვარი შიში საკმაოდ სახიფათოა, რადგან ფობიას ემსგავსება. ბოლო დროს, როცა განსაკუთრებით აქტუალურია პანიკური შეტევები და დეპრესია, რაც ასევე შიშის ერთგვარი ფორმაა, ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი თვითონაც ვერ ხვდება რისი და რატომ ეშინია. ამგვარი გაუაზრებელი შიშის მიზეზი მეტწილად ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მძიმე პლანეტების დაპირისპირებაა, როცა მფარველი პლანეტა დისონანსშია სხვა პლანეტებთან, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე და მას გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი შიში იპყრობს.
მართალია, ხშირად ადამიანი აბსოლუტურად დაუცველად გრძნობს თავს, განიცდის და იტანჯება, მაგრამ არ აღიარებს, რადგან თვლის, რომ ვერ გაუგებენ და დასცინებენ. სინამდვილეში აუცილებელია საუბარი, რადგან მხოლოდ დაფიქრების და კარგად გააზრების შემდეგ შეიძლება პრობლემის გადაჭრა.
სამყარო მუდმივ მოძრაობაშია, ამიტომ პოზიტიური და ნეგატიური მოვლენებიც მუდმივად ცვლიან ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ტრანზიტის შემდეგ, რომელსაც პლანეტა გადის, წარუმატებელი ეტაპი სრულდება, თუმცა თუ მძიმე პერიოდის ნაკლები დანაკარგით გავლა გვსურს, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ, რათა არ ვაზარალოთ საკუთარი თავი. სხვათაშორის, ასეთ პერიოდში ბევრს აგრესია იპყრობს, ბევრი კი, საკუთარ თავში იკეტება, უარს ამბობს კომუნიკაციაზე და ხშირად ახლობლებსაც კარგავს.
პლანეტა სატურნი ადამიანის ქვეცნობიერ შიშებსა და კომპლექსებს მართავს, ამიტომ როცა სატურნი მზესა და მთვარესთან ქმნის კონფიგურაციას, ანუ დისონანში შედის ეგოსთან და ცნობიერთან, ნებელობასთან, სასიცოცხლო პოტენციალთან (მზე) და ემოციურ ბუნებასთან (მთვარე), კლებულობს ადამიანის სასიცოცხლო ენერგია, იპყრობს შიში და დეპრესია.
აღსანიშნავია, რომ პირველი დეკადის ვერძის და სასწორისთვის, დეკემბრის თვეში დაბადებული თხის რქისა და ივნისის მეორე ნახევარში დაბადებული კირჩხიბისთვის 2017-2018 წლები საკმაოდ რთული იყო, ბევრი ჯანმრთელობის პრობლემებმა, ბევრი კი, გაურკვეველმა შიშებმა და კომპლექსებმა შეაწუხა, რადგან სატურნი სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდა დისონანსში ზოდიაქოს ამ ნიშნების მზესთან. თუმცა, რთული პერიოდი მალე დასრულდება და ზოდიაქოს ეს ნიშნებიც აუცილებლად დაიბრუნებენ ენერგიას, განთავისუფლდებიან ძველი შიშებისა და კომპლექსებისგან.
ზოდიაქოს ნიშნების შიშები და კომპლექსები
თავისუფლად შეიძლება შიშებისა და ფობიების ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსაზღვრა, თუმცა, არ ღირს ამგვარი ინფორმაციის და სხვათა სუსუსტის ბოროტად გამოყენება.
ვერძი – მართალია, საკმაოდ თამამ ვერძს პრაქტიკულად არაფრის ეშინია, მაგრამ მასაც აქვს თავისი სისუსტე – უფრთხის ექიმებს და განსაკუთრებით დანტისტებს. ამასთანავე, მუდმივად კონკურენციაში მყოფ და შეჯიბრის მოყვარულ ვერძს, დამარცხების ქვეცნობიერი შიში აქვს, ძალიან არ უყვარს, როცა სხვა მასზე უკეთესია და საშინლად განიცდის დამარცხებას. სხვათაშორის, ზოდიაქოს ნიშნებს შორის, ვერძს ყველაზე მეტად სჭირდება ლიდერობა, ამიტომ მუდმივად ახალ მიღწევებზე ფიქრობს და არც შრომას ერიდება სხათა დასაჯაბნად.
კურო – სიმშვიდისა და სტაბილურობის მოყვარულ კუროს ძალიან ეშინია ცვლილებების და კომფორტის ზონის დატოვება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ნებისმიერი დაუგეგმავი მოქმედება სასიამოვნო სიურპრიზების ჩათვლით სერიოზული სტრესის მიზეზი ხდება. უყვარს ინფორმაციის წინასწარ შეგროვება და გაურბის სიახლეებს, მინიმუმამდე ცდილობს რისკების შემცირებას და პანიკურად აშინებს ფინანსური არასტაბილურობა, ნაკლებად ინტერესდება ბიზნესით და სხვისი ხელმძღვანელობით ურჩევნია მუშაობა, მთავარია გარანტირებული ჰქონდეს მუდმივი და სტაბილური შემოსავალი. სხვათაშორის, ასტროლოგები ხშირად ხუმრობენ, რომ ვერძის დაწყებული საქმე აუცილებლად კურომ უნდა დაასრულოს, რადგან სხვა შემთხვევაში იდეები მხოლოდ იდეებად დარჩება.
ტყუპები – მართალია, ტყუპებს ნაკლებად ახასიათებთ შიშები და ფობიები, მაგრამ საკმაოდ ნევროზულები არიან, ნამდვილ კოშმარს კი, მათთვის რუტინა და ერთფეროვნება წარმოადგენს. თუ კურო ჩვეულ, კარგად ნაცნობ გარემოში გრძნობს თავს კარგად, ტყუპები პირიქით – ღიზიანდებიან და სერიოზულად ნევიულობენ, როცა ერთიდაიგივე საქმის კეთება ერთსადაიმავე გარემოში უწევთ. ამასთანავე, კომუნიკაციისა და ინტენსიური ურთიერთობის მოყვარული, ყველაზე ცნობისმოყვარე ტუპებს უყურადღებობა აშინებთ, როცა მათი მოსმენა არავის უნდა, ამიტომ ყოველთვის სიახლის და თავგადასავლების ძიებაში არიან.
კირჩხიბი – ზედმეტად ემოციურ და ფრთხილ კირჩხიბს, რომელიც აუცილებლად გულდასმით სწავლობს მოქმედების ყველა შესაძლო ვარიანტს და არასდროს გადადის შტურმზე, ყველაზე მეტად იმედგაცრუება აშინებს. ამასთანავე, ოჯახზე საოცრად მზრუნველი კირჩხიბი ყოველთვის ძალიან ღელავს ახლობლების ჯანმრთელობაზე, მათ უსაფრთხოებზე და სერიოზული სტრესის მიზეზიც სწორედ ოჯახის წევრების პრობლემები ხდება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საყვარელი ადამიანების სასარგებლოდ ყოველთვის მზადაა უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე.
ლომი – ერთი შეხედვით უშიშარ ლომს, სინამდვილეში უპატივცემულობის და დაუფასებლობის შიში აქვს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიჯი და რეპუტაცია, ამიტომ საშინლად ეშინია დაცინვის და გარშემომყოფთა ნეგატიური დამოკიდებულების, ინტერესედება საზოგადოებრივი აზრით და ძალიან განიცდის, თუ მასზე არ აქვთ სათანადო წარმოდგენა. სხვათაშორის, სტატისტიკის თანახმად, სწორედ ზედმეტად თავმოყვარე ლომია ლიდერი სიუციდისკენ მიდრეკილთა შორის, რისი მთავარი მიზეზიც მეტწილად სწორედ ღირსების და პატივის შელახვაა.
ქალწული – პერფექციონისტი ქალწულისთვის, რომელიც ყველაფრის მოწესრიგებას და სრულყოფას ცდილობს, ნამდვილი პანიკის მიზეზი უზუსტობა ან წვრილმანი დეფექტი ხდება. ქალწულთა საყურადღებოდ! სამწუხაროდ, იდეალური არავინაა, ამიტომ არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა და უმჯობესია უფრო მასშტაბურად შეხედოთ სამყაროს.
სასწორი – პატრნიორობის სიმბოლოდ ქცეული სასწორისთვის, რომელსაც პლანეტა ვენერა მართავს, ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარული, ამიტომ საშინლად განიცდის მარტოობას, ერთგული და საიმედო ადამიანის გარეშე ცხოვრებას. სხვათაშორის, სასწორთა უმეტესობა, ყოველთვის თავს იკავებს ოჯახის დანგრევისგან, რადგან ზოგჯერ საერთოდ არ მოსწონს პარტნიორი, თუმცა მარტო ყოფნას, მაინც მასთან დარჩენა ურჩევნია.
მორიელი – საკმაოდ მძიმე ხასიათის მორიელს, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანების მართვა, არაჩვეულებრივი მანიპულატორია და პირველ რიგში, ძალაუფლების, გავლენის სფეროების დაკარგვა აფრთხობს, ამიტომ არავის ინდობს და საოცრად დესტრუქციული, ნებისმიერ ფასად ცდილობს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.
მშვილდოსანი – ყველაზე პოზიტიური და უდარდელი მშვიდოსნისთვის, რომლისთვისაც აბსოლუტურად ყველაფერი სულერთია, პრაქტიკულად არაფრი აშინებს, ყველაფერს სწრაფად ივიწყებს და ნებისმიერი უსიამოვნების მიუხედავად სჯერა, რომ ცხოვრება მშვენიერია! ხუმრობის და იუმორის მოყვარულ მშვილდოსანს, რომლის სიმბოლო მასხარაა, ძალიან მოსწონს გარშემომყოფთა გახალისება და ძალიან განიცდის, როცა მის იუმორს არ აფასებენ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ დაიხევს უკან და სწრაფად მოიძიებს იმ საზოგადოებას, სადაც მის ხუმრობებს მოიწონებენ.
თხის რქა – გარშემომყოფთა აზრზე დამოკიდებული, კარიერისტი თხის რქისთვის, რომლიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ სტატუსს, მთავარ პრობლემას თვითდამკვიდრება წარმოადგენს. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარიერული წარმატება, რადგან პროფესიაში ვერ შემდგარი საოცრად უბედურია. სხვთაშორის, ასტროლოგების დაკვირვებით, ზოდიაქოს სწორედ ეს ნიშანი ხასიათდება განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით და პასუხისმგებლობით, ამიტომ დაპირების ვერ შესრულების და იმედების არ გამართლების შიშიც ახასიათებს.
მერწყული – არაორდინალური და ინდივიდუალიზმის მოყვარული მერწყულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, ამიტომ ძალიან აშინებს შეზღუდვები და ერთხელ მოპოვებული თავისუფლების დაკარგვა, ძალიან არ უყვარს როცა ვინმეს ადარებენ და ყოველთვის ცდილობს იყოს სხვისგან გამორჩეული, უნიკალური.
თევზები – შიშებსა და ემოციებზე, ქვეცნობიერსა და ფსიქოლოგიურ პრობლემებზე პასუხისმგებელი ნეპტუნის მფარველობის ქვეშ მყოფ თევზებს საკმაოდ ბევრი რამ აშინებთ, მუდამ დაუცველად გრძნობენ თავს, ილუზიებით იტანჯებიან და რეალობაში ცხოვრებას ყოველთვის ირეალურ სამყაროში ურჩევნიათ თავის შეფარება, მათთვის აუტანელია თანამედროვე სამყაროს სასტიკი კანონები, რადგან ძალიან უჭირთ ბრძოლა და კონკურენტულ გარემოში ადგილის დამკვიდრება.
გადაცემის აუდიოჩანაწერი