LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: დღეში მხოლოდ 7 000 ნაბიჯიც კი საკმარისია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

117
8e9b1de0-6878-11f0-89ea-4d6f9851

ახალი მასშტაბური კვლევის მიხედვით, დღეში 7,000 ნაბიჯი შესაძლოა საკმარისი იყოს ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად და ისეთი დაავადებების რისკის შესამცირებლად, როგორიცაა კიბო, დემენცია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

კვლევა, რომელიც ჟურნალ The Lancet Public Health-ში გამოქვეყნდა, ვარაუდობს, რომ ეს მიზანი რეალისტური და მიღწევადია, განსხვავებით პოპულარული – მაგრამ მეცნიერულად დაუდასტურებელი – სტანდარტისა: 10,000 ნაბიჯი დღეში.

კვლევის ავტორი, დოქტორი მელოდი დინგი აზუსტებს:
„ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია 10 000 ნაბიჯი, მაგრამ ეს ციფრი რეალურად 1960-იანი წლების იაპონური სარეკლამო კამპანიიდან მოდის და არა მეცნიერული მტკიცებულებიდან.“

კვლევაში 160 000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის მონაცემი იყო გაანალიზებული. შედეგების მიხედვით, ვინც დღეში 7 000 ნაბიჯს გადიოდა, მათთან შედარებით, ვინც მხოლოდ 2,000 ნაბიჯს დგამდა, სხვადასხვა რისკები შემცირებული იყო:

• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – 25%-ით
• კიბო – 6%-ით
• დემენცია – 38%-ით
• დეპრესია – 22%-ით.

მიუხედავად ამისა, ავტორები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი მცირე რაოდენობის კვლევებზეა დაფუძნებული, რაც სიზუსტეს ამცირებს.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ დაახლოებით 4,000 ნაბიჯიც კი უკეთესია, ვიდრე სულ 2,000 – და რომ ეფექტი ძირითადად 7,000 ნაბიჯზე იზრდება, თუმცა გულისთვის მეტი სიარული დამატებით სარგებელს იძლევა.

ნაბიჯების დათვლა უფრო მისაღებია, ვიდრე წუთების?

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კვირაში 150 წუთი ზომიერი ან 75 წუთი ინტენსიური ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციას იძლევა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ნაბიჯებზე დაყრდნობილი მიზნები ადამიანებისთვის უფრო მარტივად აღსაქმელია.

ბრუნელის უნივერსიტეტის პროფესორი დანიელ ბეილი ამბობს, რომ ეს კვლევა „მითს ამსხვრევს“, თითქოს მხოლოდ 10,000 ნაბიჯი იყოს მიზანი. მისი თქმით, ბევრისთვის 5 000-7 000 ნაბიჯი უფრო მიღწევადი და რეალისტური სტანდარტია.

პორტსმუთის უნივერსიტეტის სპეციალისტი ენდრიუ სკოტიც ხაზს უსვამს, რომ „მთავარია მოძრაობა – ზუსტი რიცხვი ნაკლებად მნიშვნელოვანია.“

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ, ჯანდაცვის რეკომენდაციებში შესაძლოა ნაბიჯების რაოდენობაც შევიდეს, როგორც დამატებითი გზამკვლევი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები