მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი პირადი ბედნიერების შესახებ საუბრობს.
„ადრე ვთქვი, რომ პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა, თუმცა ახლა ასე აღარ ვფიქრობ. არ მინდა, ჩემი ახლანდელი პირადი ცხოვრება გავასაჯაროო, რადგან იმ ადამიანს ვიცავ, მშვიდი ადამიანია და არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ასე რომ, დღეს კარგად ვარ, ბედნიერი ვარ, ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომლის ენერგიაც დამეხმარა იმაში, რომ კიდევ უფრო ძლიერი პოზიცია მქონდეს იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. რეალურად, თურმე, იმედგაცრუებასაც ძალიან დიდი იღბალი მოაქვს. თუ ამ იმედგაცრუებაში შეიცნობ შენს თავს, თუ იტირებ, მაგრამ არ დაიკარგები…
ახალმა სიყვარულმა საერთოდ შემცვალა, უბრალოდ, დამაბრუნა საკუთარ თავთან, მეტად გამაცნო საკუთარი თავი და გამაძლიერა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია…“ – აღნიშნავს ნეკა დოროყაშვილი ინტერვიუში.
ამასთან, მოდელი აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში გამოჩენილმა ახალმა ადამიანმა თავისუფლების უფრო მეტი ნიჭი აჩუქა.
„როცა ადამიანები ერთმანეთს ცვლიან, იდენტობას კარგავენ, ამის უფლება, ვფიქრობ, არავის გვაქვს. მაგრამ, როცა ადამიანი შენს საკუთარ თავთან უფრო მეტად გაახლოებს, ეს, უბრალოდ, სიყვარული კი არა, თავისუფლების ნიჭის ჩუქებაა. ასე რომ, გამოდის, ამ ადამიანმა, თავისუფლების უფრო მეტი ნიჭი მაჩუქა“, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი „თბილისელებთან“ ინტერვიუში და აქვე აღნიშნავს, რომ „შიში, რომ ახალი ურთიერთობა დაეწყო, არ ყოფილა“.
„ჩემი აზრით, ბოლომდე გააზრებული არავის არაფერი გვაქვს, რადგან არ ვიცით, სამყაროს კანონები რას გვიმზადებს. უბრალოდ, გამოვრთე ყველანაირი აზროვნება და მივხვდი, რომ მე ვარ მე, მე ვეღარ გამაკონტროლებს ჩემი წარსული, მე მიყვარს ჩემი წარსული, ვაპატიე და შევიყვარე თითოეული ნაკლოვანება ჩემში და ვაღიარე ჩემი თავი, როგორიც ვიყავი – ჩემი ნაკლოვანებებით, ჩემი დადებითი მხარით და ჩემი უარყოფითით“, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი.