დღე საინტერესო ასტროლოგიური მოვლენით აღინიშნება – დღეიდან 22 სექტემბრამდე საქმიანობისა და შრომისუნარიანობის განმაპირობებელი პლანეტა მარსი სასწორის ნიშანში გადაინაცვლებს. ეს ცვლილება ადამიანებში გააძლიერებს გონებამახვილობას, კომუნიკაბელურობას, დიპლომატიურობას და კომპრომისებზე წასვლის უნარს. გაიზრდება მშვიდობის შენარჩუნებისკენ სწრაფვა და სილამაზისა და კომფორტის შექმნის სურვილი. ასევე, გაძლიერდება შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა. ამასთან ერთად, მარსის სასწორში გადასვლამ შეიძლება გააქტიუროს ნეგატიური მხარეებიც – მერყეობა, შინაგანი გაორება, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და სხვების გავლენის ქვეშ მოქცევის ტენდენცია. ეს ნეგატიური ასპექტები მეტ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვოს მთელი პერიოდის განმავლობაში.
ამავდროულად, აღნიშნული ასტროლოგიური ფონი ხელსაყრელია ხელოვნების, დიზაინის, არქიტექტურისა და სოციალური მეცნიერებების განვითარებისთვის – შემოქმედებით პროექტებს ახალი იმპულსი მიეცემა.
დღის რეკომენდაციები – დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ წყალთან დაკავშირებულ საქმეებში – მოერიდეთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს და ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოებას. დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, რადგან 00:00-დან 13:00 საათამდე მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდია, დუნდება ყურადღება ადამიანებში, რაც ზრდის ტრავმებისა და ავარიების რისკს, ამიტომ სიფხიზლე მართებთ როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითებისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები – დღე ხელსაყრელია მავნე ჩვევების დაძლევისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, მანქანის შეძენა-გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის.
დღე ხელს უწყობს ოჯახსა და სამსახურში ურთიერთობების გაუმჯობესებას, პრობლემების გადაჭრას და პარტნიორული კავშირების გამყარებას.
ამასთან, დღეს არასასურველია მკვეთრი ფიზიკური დატვირთვა, სიმძიმეების აწევა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება. ასევე სჯობს გადადოთ ხელმძღვანელ პირებთან მნიშვნელოვანი საუბრები, ვაჭრობა, ქორწინება ან ახალი კავშირების დამყარება. განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს და ტატუს გაკეთებას.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები და ხერხემლის ზონა – მოერიდეთ გადატვირთვას და ეცადეთ მეტად დაასვენოთ ორგანიზმი. ალერგიისკენ მიდრეკილებმა შეიკავეთ თავი ალერგენული პროდუქტებისგან, განსაკუთრებით თხილისა და თაფლისგან. ეფექტურია კუჭის, მკერდის და ნაღვლის ბუშტის მკურნალობა.
დღის ფერები და მინერალები – დღეს რეკომენდებულია ისეთი მინერალები, როგორიცაა ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი და ოპალი – ისინი მოიზიდავენ კოსმოსურ ენერგიებს თქვენდამი. ფერებიდან უპირატესობა მიეცით ბეჟს, ყვითელს, მწვანეს, ნაცრისფერს და შავს – ეს ფერები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე განსაკუთრებით დადებითია კუროსთვის, კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. შედარებით დაძაბულია მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის – მათ მეტი სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე ემოციური ფონის კონტროლის კუთხით.